Article 169. სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით
1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა; გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით.
