Article 158. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელია საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.
2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.
3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ოქმს.
4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების რაოდენობას.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს.
