1.მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.
2.ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი თავად მონაწილეობს მოსამართლის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში.
4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული წესები მოქმედებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დაწინაურებისა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში, საპროკურორო საბჭოში, საჯარო სამსახურის საბჭოში ან კანონით დადგენილ სხვა უწყებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას და სხვა საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების მიღებისას. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესი არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განკარგულებაზე, რომელიც არ ეხება სახელობით განსაზღვრულ პირთა წრეს.
