საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/7/1363· 21.03.2019

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა სასამართლომ არსებითად განსახილველად სარჩელი ვეტერანებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის პირობაზე?
  • კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს ორგანული კანონის 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნები და არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
    გამოყენების ფარგლები:
    საკითხი ეხება №1363 სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და არა სადავო რეგულირების საბოლოო კონსტიტუციურობას.

სადავო ნორმები და შედეგი

  • საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით — მუხ. 8(7)
    პროცესუალური / დასაშვებობა

აქტის სრული ტექსტი

34 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (7 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1363) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1363 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 7 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 21 მარტი.

2.

№1363 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

3.

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის 2012 წლის პირველი სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის წესს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სოციალური შეღავათები დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც მისი დანიშვნის მომენტისთვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, „საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად“.

4.

№1363 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. მოსარჩელემ, 2019 წლის 19 მარტის №26/3112 წერილობითი განცხადების საფუძველზე, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ იგი სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

5.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

6.

კონსტიტუციური სარჩელისა და მოსარჩელის 2019 წლის 19 მარტის №26/3112 წერილობითი განცხადების თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადავო ნორმის გავრცელებას ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეების მიმართ. აღნიშნული რეგულირების გავრცელების შედეგად, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ზემოაღნიშნულ პირებს სადავო ნორმატიული აქტით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იღებენ სახელმწიფო პენსიას. თავის მხრივ, სახელმწიფო პენსიის მიღების საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი კონკრეტული ასაკის მიღწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები იმის მიხედვით, მათ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მისაღებად კომპეტენტურ ორგანოს მიმართეს 2012 წლის პირველ სექტემბრამდე თუ ამ თარიღის შემდგომ.

მოსარჩელის პოზიცია
7.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული აქტის მიღებისას ის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებდა ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირების მიმართ, მიუხედავად იმისა, იღებდნენ თუ არა აღნიშნული პირები სახელმწიფო პენსიას. თუმცა მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სუბსიდიის გაცემის წესს დაემატა ზემოაღნიშნული დამატებითი წინაპირობა. შესაბამისად, გასაჩივრებულმა ნორმამ დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩააყენა ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი პირები კომპეტენტური ორგანოსათვის სუბსიდიის მისაღებად მიმართვის თარიღის ნიშნით.

8.

მოსარჩელის განმარტებით, შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ერთადერთი, რაც აღნიშნულ პირებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არის ამ პირთა მიერ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მოთხოვნით კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დრო. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ განმარტებული იქნა, რომ დასახელებულ ნორმატიულ აქტში სადავო ცვლილებები განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია, შესაბამისად, ცვლილებებამდე არსებული რეგულირების საფუძველზე, საომარ მოქმედებებში ჩართულ ყველა პირს შეეძლებოდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება, რაც გამოიწვევდა საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას.

9.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ზრდისაგან თავის არიდება წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, რომლის საფუძველზეც დასაშვებია უფლების შეზღუდვა, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ცვლილებები მიღებულ იქნა საომარი მდგომარეობის დასრულებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების ზრდამ დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი და მთავრობას შეეძლო 2009 წლის ან შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში ეტაპობრივად გაეთვალისწინებინა შესაბამისი მოსალოდნელი ხარჯები. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული სამართალურთიერთობის მორალურ-ეთიკური ასპექტიც. კერძოდ, სადავო რეგულირების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჩამოერთვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე პირებს, რომელთაც პირნათლად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სახელმწიფომ უარი თქვა ფინანსური ვალდებულების შესრულებასა და აღნიშნულ პირთა ღვაწლის დაფასებაზე.

10.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირება ხორციელდება მაღალი ინტენსივობით. კერძოდ, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის არსებული 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებათა მონაწილეების ასაკის გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლების მიღების საპენსიო ასაკთან დაკავშირება ფაქტობრივად შეიძლება გაუთანაბრდეს აღნიშნული სოციალური შეღავათის სარგებლობაზე უარის თქმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა დიფერენცირების მაღალი ინტენსივობა, რაც მისი კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტის საფუძველზე შემოწმების საფუძველს წარმოადგენს.

11.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა №279 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული წესის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შესაბამისად, აღნიშნული სოციალური პაკეტის ბენეფიციარ პირთა წრემ ნაწილობრივ მოიცვა, მათ შორის, სადავო ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრე. ამასთან, №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, ბენეფიციართათვის განსაზღვრული თანხის ოდენობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული ის არგუმენტი, რომ სადავო რეგულირების შემოღება სახელმწიფოს მიერ დაუძლეველი ინტერესით არის გამოწვეული.

12.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

II. სამოტივაციო ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1363 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31^3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

§23

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27^1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31^3 მუხლის, 31^5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, და მე-7 პუნქტების, 31^6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

§24

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1363 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

2.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

3.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5.

საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.