საოქმო ჩანაწერიპირველი კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

№1/2/1731· 22.02.2023

ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად სარჩელი საოჯახო დავაში დროებითი განკარგულების გასაჩივრების შეზღუდვის შესახებ?
  • კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს ორგანული კანონის 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნები და ორგანული კანონის 31^3 მუხლით გათვალისწინებული უარის საფუძვლები
    გამოყენების ფარგლები:
    სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება არ წყვეტს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

31 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1731) მომართეს ქეთი ანდროსენკომ და ალექსანდრე ანდროსენკომ. №1731 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 26 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.

2.

№1731 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31^1 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სასამართლოში სამართლიანი განხილვის უფლება.

მოსარჩელის პოზიცია
5.

მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის დედისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ბავშვისათვის პასპორტის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. მოსარჩელე მხარის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვისათვის პასპორტის დედის თანხმობის გარეშე დამზადების შესაძლებლობის მინიჭების ნაწილში, ხოლო უარი ეთქვა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომელიც დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

6.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შესაძლებლობა, დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც მიიღება განჩინების სახით, მოაწესრიგოს საოჯახო სამართლებრივ დავებთან დაკავშირებული მთელი რიგი, მათ შორის, არასრულწლოვანთან ურთიერთობის, არასრულწლოვნის რჩენისა და მასზე ზრუნვის, მისი აღსაზრდელად გადაცემის საკითხები და სხვ.. სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული დროებითი რეგულირება კი შესაძლებელია გაგრძელდეს წლების განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი კი არ ითვალისწინებს მითითებას სასამართლოს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, ამავე კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, ზღუდავს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქმის გასაჩივრების უფლებას.

7.

მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1731 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31^3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

§19

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27^1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31^3 მუხლის პირველი პუნქტის, 31^5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31^6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

§20

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1731 კონსტიტუციური სარჩელი („ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5.

საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.