საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/9/1805· 29.03.2024

ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • დასაშვებია თუ არა არსებითი განხილვისთვის სარჩელი, რომელიც მკვლელობის დაუმთავრებელი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გამორიცხვას ედავება?
  • სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს ორგანული კანონის 31^1 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები
    გამოყენების ფარგლები:
    არსებითად განსახილველად მიღება არ ნიშნავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტას.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

34 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1805) მომართა ზურაბ საღინაძემ. №1805 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 18 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.

2.

№1805 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31^1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135^^1 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−144^^2 მუხლებით, 144^^3 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიულ შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას.

4.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით კი, დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

5.

№1805 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულისთვის. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი არ არის ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულის მიერ პირთა ნაწილის მიმართ ჩადენილია დასრულებული დანაშაული, ნაწილის მიმართ კი, დანაშაულის მცდელობა ანუ დაუსრულებელი დანაშაული. ამგვარ შემთხვევაში, დანაშაული კვალიფიცირდება არა დასრულებულ დანაშაულად, არამედ მის მცდელობად, რაც გამორიცხავს ბრალდებული პირის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯადობით სარგებლობის შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, მის წინააღმდეგ, ბრალდების მხარის მიერ ქმედების ფორმალურად, დაუმთავრებელ დანაშაულად დაკვალიფიცირების შედეგად, მას შეეზღუდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა.

მოსარჩელის პოზიცია
6.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თითქმის იდენტურია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დასახელებული ორი ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით, მხოლოდ ერთადერთ განსხვავებას - დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დასრულებული და დაუსრულებელი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, რომელთა მიმართ, სადავო ნორმით, დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობა.

7.

მოსარჩელე მხარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებელი აკრძალვა, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც, იმავდროულად, იწვევს დისკრიმინირებულ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

8.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით განსაზღვრული დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ხელმისაწვდომობას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელის პოზიცია
9.

მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1805 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31^3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

§21

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27^1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31^2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31^3 მუხლის პირველი პუნქტის, 31^5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31^6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

§22

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1805 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.

№1744, №1746, №1760, №1761, №1783 და №1805 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

3.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6.

საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.