საოქმო ჩანაწერიპირველი კოლეგიანაწილობრივ მიღებულია განსახილველად

N1/6/403· 09.11.2006

მოსარჩელე - ჰუსეინ ალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 679^6 მუხლის, 679^7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 679^8 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • შეუძლია თუ არა დაზარალებულს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების მარეგულირებელი ნორმა?
  • მიიღო თუ არა სასამართლომ არსებითად განსახილველად სარჩელი 679^7 და 679^8 მუხლების მეორე ნაწილების წინააღმდეგ?
  • დაზარალებულის უფლებამოსილება გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების მხარეთა გასაჩივრების წესი

    დაუშვებელია

    დაზარალებული ვერ ჩაითვლება 679^6 მუხლის გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირად, რადგან ეს მუხლი საპროცესო შეთანხმების მხარეების მიერ განაჩენის გასაჩივრებას აწესრიგებს.

    შეფასების სტანდარტი:
    უფლებამოსილი მოსარჩელისა და სადავო ნორმით მოწესრიგებულ ურთიერთობასთან კავშირის დასაშვებობის სტანდარტი
    გამოყენების ფარგლები:
    შეფასება შეეხება 679^6 მუხლს, რომელიც პროკურორისა და ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ განაჩენის გასაჩივრების საფუძვლებს განსაზღვრავს.
  • 679^7 და 679^8 მუხლების სადავო ნაწილების არსებითი განხილვა

    დასაშვებია

    სარჩელი 679^7 და 679^8 მუხლების მეორე ნაწილებთან მიმართებით აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს და არ იკვეთება არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.

    შეფასების სტანდარტი:
    კონსტიტუციური სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და დაუშვებლობის საფუძვლების შემოწმება
    გამოყენების ფარგლები:
    არსებითი განხილვისთვის მიღება არ ნიშნავს ნორმების კონსტიტუციურობის გადაწყვეტას.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

30 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);

2. ვახტანგ გვარამია - წევრი;

3. ქეთევან ერემაძე - წევრი;

4. ბესარიონ ზოიძე - წევრი.

სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.

საქმის დასახელება: მოსარჩელე - ჰუსეინ ალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 679^6 მუხლის, 679^7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 679^8 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ჰუსეინ ალი და მისი წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე.

სრული ტექსტი

§9

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №403) მიმართა საქართველოში მცხოვრებმა კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალიმ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას სარჩელი გადმოეცა ა. წ. 24 ოქტომბერს. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა ა. წ. 3 ნოემბერს.

§10

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.

§11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:

მოსარჩელის პოზიცია
1.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სადავო მუხლებით იზღუდება მისი, როგორც დაზარალებულის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და ასეთი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

§13

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 679^6 მუხლი აწესრიგებს მსჯავრდებულის, ბრალდებულისა და პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების წესსა და პირობებს. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულ მუხლში დაზარალებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საფუძვლების არარსებობა თავისთავად წარმოადგენს დაზარალებულის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას.

§14

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმების სუბიექტებს (მხარეებს) წარმოადგენენ პროკურორი და ბრალდებული ან განსასჯელი. ხოლო სადავო 679^6 მუხლი სპეციალურად განსაზღვრავს სწორედ ამ სუბიექტების მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საფუძველს. შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც დაზარალებული, ვერ იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობების სუბიექტი და გამომდინარე აქედან, კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში იგი ვერ ჩაითვლება უფლებამოსილ პირად ისე, როგორც ეს არის განსაზღვრული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

2.

რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილს, რომელშიც მოსარჩელე მოითხოვს 679^7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 679^8 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შესაბამისობაშია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებთან, სარჩელში მოყვანილია მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს.

§16

ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-18 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით,

III. სარეზოლუციო ნაწილი

§17

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს :

1.

მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელე ჰუსეინ ალის 403-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 679^7 მუხლის მე-2 ნაწილის და 679^8 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2.

არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე ჰუსეინ ალის 403 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 679^6 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

3.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

4.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

5.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (7 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)

2. ვახტანგ გვარამია

3. ქეთევან ერემაძე

4. ბესარიონ ზოიძე

ასლი დედანთან სწორია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი ქ. ერემაძე

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.