ლექსიკონი

მკაცრი შეფასების ტესტი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაშეფასების ტესტი

მკაცრი შეფასების ტესტი არის თანასწორობის უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების მაღალი სტანდარტი, რომელიც გამოიყენება კლასიკური, სპეციფიკური ნიშნით დიფერენცირებისას ან დიფერენცირების მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში. ტესტი მოითხოვს თანაზომიერების პრინციპით შეფასებას და იმის დასაბუთებას, რომ განსხვავებული მოპყრობა ემსახურება სახელმწიფოს დაუძლეველ ინტერესს და მის მისაღწევად აბსოლუტურად აუცილებელია. შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს.

სინონიმები: მკაცრი ტესტი

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. დიფერენცირების კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშანთან კავშირის ან მისი მაღალი ინტენსივობის დადგენა
  2. ლეგიტიმური მიზნისა და სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დადგენა
  3. განსხვავებული მოპყრობის მიზნის მისაღწევად გამოსადეგობისა და აბსოლუტური აუცილებლობის შეფასება
  4. შეზღუდვის ინტენსივობისა და მისაღწევი მიზნის თანაზომიერების შეფასება

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

მკაცრი შეფასების ტესტი რაციონალური დიფერენციაციის ტესტისგან განსხვავდება გამოყენების წინაპირობებითა და გამართლების სტანდარტით. კლასიკური ნიშნით დიფერენცირების არარსებობა მკაცრ შეფასებას არ გამორიცხავს, თუ არსებითად თანასწორი პირები მნიშვნელოვნად არიან დაშორებული თანაბარი შესაძლებლობებისგან.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 11 (2018)მუხ. 14 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N2/3/160930.04.2026გადაწყვეტილება
    „18. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმით, დადგენილია დიფერენცირება ქალებსა და მამაკაცებს შორის. შესაბამისად, განსახილველ საქმეში შესადარებელ სუბიექტებს შორის განსხვავებული მოპყრობის ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, სქესი per se არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, შესაბამისად, დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხს მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასებს. [...] 19. …“
  • N2/4/532,53308.10.2014გადაწყვეტილება
    „108. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლით დადგენილი დიფერენცირებაც უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის” ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ე…“
  • N2/1/53604.02.2014გადაწყვეტილება
    „30. როგორც უკვე აღინიშნა, ის, თუ შეფასების რომელ ტესტს გამოიყენებს სასამართლო, ასევე დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის ინტენსივობაზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, “არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება “მოქალაქე…“
  • N1/3/53411.06.2013გადაწყვეტილება
    „25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) “რაციონალური დიფერენციაციის ტესტით”. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები. მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს “კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხ…“
  • N1/1/49327.12.2010გადაწყვეტილება
    „კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. [...] დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. [...] ნიშანდობლივია, რომ დიფერენციაციის ინტენსიურობის…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა