შეურაცხყოფა გამოხატვისა და ღირსების დაცვის კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებული ცნებაა, რომელიც შეიძლება სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლინებაც იყოს. მოსამართლის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის შეფასებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესს შორის. შეურაცხყოფის ცნება განიხილება აგრეთვე ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობის კონტექსტში.
შეფასების ტესტი და ელემენტები
- მოსამართლის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი და ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაზომიერება.
- დამამცირებელი მოპყრობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, არის თუ არა ქმედების მიზანი პირის დამცირება და შეურაცხყოფა და რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს ქმედება მსხვერპლის პიროვნებაზე საქმის გარემოებათა გათვალისწინებით.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
სასამართლოსა და მოსამართლის კრიტიკა უნდა გაიმიჯნოს შეურაცხყოფისგან; მხოლოდ ის გარემოება, რომ იდეა ან ინფორმაცია შეურაცხმყოფელია ან ემოციურად გამაღიზიანებელია, თავისთავად არ გამორიცხავს მის დაცვას გამოხატვის თავისუფლებით. სასამართლოს შეურაცხყოფა შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფის გარეშეც ან მასთან ერთად.
საკვანძო პრეცედენტები
„5. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე უფრო ფართო დაცვით სარგებლობს. მათ შორის, დასაშვებია სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების კრიტიკაც. თუმცა სასამართლოს მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე ხელისუფლების პოლიტიკური განშტოებების მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო სასამართლო კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. კერძოდ, ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ სასამართლოები, ისევე როგორც ყველა სხვა საჯარო დაწესებულება, არ არის დაზღვეულ…“
„22. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ყველა შესაბამის და რელევანტურ საკითხზე, მათ შორის, იმაზე, თუ რა არის მოსამართლის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები სისხლისსამართლებრივი დასჯადობის მიზნებისთვის, სად გადის ზღვარი, რომლის მიღმაც მის მიმართ გამოხატული ნეგატიური შეხედულებების სამართლებრივი დაცვა ვეღარ იქნება კონსტიტუციურად გამართლებული და შეიზღუდება სასამართლოს ავტორიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესით. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას იმის საჭიროების წინაშე, რომ კონკრეტულად ჩამოაყალიბო…“
„22. ზოგადად, როგორც არაჰუმანური, სასტიკი, ისე პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი არის ადამიანზე განზრახ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური ზემოქმედება, იძულება, რაც, შედეგად, ადამიანს აყენებს განსაცდელს, სტრესს, სატანჯველს. ამასთან, ადამიანზე ასეთი წნეხი, იძულება, ზემოქმედება როგორც თვისობრივად, ისე ხანგრძლივობით ინტენსივობის გარკვეულ ხარისხს, მაღალ დონეს უნდა აღწევდეს. რთულია და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთმანეთისგან გაიმიჯნოს არაადამიანური, სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ადამიანის პატივისა და ღირ…“
„ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და …“
„მაშასადამე, ერთი მხრივ, დანაშაულს წარმოადგენს სასამართლოს უპატი-ვცემულობა, რაც გამოიხატა მხარის ან მოსამართლის, მსაჯულის შეურაცხყოფით, მეორე მხრივ კი სადავო ნორმებით დადგენილია პასუხისმგებლობა სასამართლოს მიმართ გამოხატული “აშკარა და უხეში უპატივცემულობისთვის”. ორივე შე-მთხვევაში, საქმე გვაქვს სასამართლოს უპატივცემულობასთან, მაგრამ იქიდან გა-მომდინარე, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სი-სხლის სამართლის კოდექსით დანაშულად არ არის მიჩნეული, ამასთან, მისთვის პასუხისმგებლობის ზომად დადგენილი პატიმრო…“

