ლექსიკონი

უტყუარობა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

მტკიცებულების უტყუარობა არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობა, რომელიც მისი შემოწმების შესაძლებლობას უკავშირდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოითხოვს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი ან გარემოება დადასტურდეს სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციით, რომელიც ამ გარემოებაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს. სისხლის სამართლის პროცესში ეს სტანდარტი უდანაშაულო პირის თვითნებური ან შეცდომით მსჯავრდებისგან დაცვის გარანტიაა.

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან მისი არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ.
  2. საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის ან გარემოების დასადასტურებლად გამოყენებული ინფორმაცია სანდო წყაროდან უნდა იყოს მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული.
  3. მტკიცებულების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.
  4. მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი უფრო ფართოა, ვიდრე შესაბამისი საკანონმდებლო საპროცესო ცნება, და მტკიცებულებათა შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს მოიცავს. მტკიცებულების უტყუარობა განსხვავდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობასთან დაკავშირებული უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციისგან.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 40 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/1/650,69927.01.2017გადაწყვეტილება
    „36. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს გარანტიას, რომ პირის ბრალეულობის შესახებ სასამართლოს განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც შესაძლოა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე აღმოცენდეს, გადაწყდება „in dubio pro reo“ პრინციპის შესაბამისად. საქმის განმხილველი სასამართლოსათვის უტყუარობის მტკიცებულებითი სტანდარტის დადგენის გარდა, კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, მაქსიმალურად უზრუნველყოს …“
  • N2/2/57931.07.2015გადაწყვეტილება
    „3. მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემა მოთხოვს, მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე.“
  • N1/1/54822.01.2015გადაწყვეტილება
    „7. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმო…“
  • N3/1/53105.11.2013გადაწყვეტილება
    „21. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება,…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა