1.კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.
2.საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
3.განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისია, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
გ) განმცხადებლის მოთხოვნა;
დ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ნუსხა;
ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
4.განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები;
დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.
6.განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით.
7.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვოს ერთი განცხადებით.
8.მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.
9.ამოღებულია.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 11 დეკემბრის ბრძანებულება №681 - სსმ III, №175, 11.12.2007 წ., მუხ.1938
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებულება №11 - სსმ III, №6, 16.01.2008 წ., მუხ.70
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანებულება №92 - სსმ III, №26, 20.02.2008 წ., მუხ.270
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №46 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.68