საქართველოს მთავრობის დადგენილება

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ

15 მუხლირედაქცია №9 ბოლო ცვლილება: 30 დეკ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით , „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ რ “ ქვეპუნქტის , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -12 მუხლისა და „ მეცნიერების , ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ “ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს :

1.ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (დანართი №1).

2.საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური დანართი №1 დებულება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ

დანართი №1

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

2.ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council − ERC) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს: ა) ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია: ა.ა) მათემატიკა; ა.ბ) მატერიის ფუნდამენტური აგებულების ფიზიკა; ა.გ) კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა; ა.დ) ფიზიკური და ანალიზური ქიმია; ა.ე) სინთეზური და ორგანული ქიმია; ა.ვ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; ა.ზ) სისტემური და კომუნიკაციური ინჟინერია; ა.თ) წარმოებისა და პროცესების ინჟინერია; ა.ი) სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებები; ა.კ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; ა.ლ) მასალათა ინჟინერია; ბ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: ბ.ა) მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, სტრუქტურული ბიოლოგია; ბ.ბ) გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გენომიკა, სხვა ომიკები და ბიოინფორმატიკა; ბ.გ) უჯრედული, განვითარებისა და რეგენერაციული ბიოლოგია; ბ.დ) ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და დაბერების ფიზიოლოგია; ბ.ე) ნეირომეცნიერება და ნერვული სისტემის დარღვევები; ბ.ვ) იმუნიტეტი, ინფექცია და იმუნოთერაპია; ბ.ზ) ადამიანის დაავადებების პრევენცია, დიაგნოზი და მკურნალობა; ბ.თ) გარემოს ბიოლოგია, ეკოლოგია, ევოლუცია, ბიომრავალფეროვნება; ბ.ი) ბიოტექნოლოგია და ბიოლოგიური სისტემების ინჟინერია; გ) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები: გ.ა) ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი; გ.ბ) პოლიტიკური მეცნიერებები, მმართველობა და სამართალი; გ.გ) სოციოლოგია, ანთროპოლოგია, განათლების მეცნიერებები, კომუნიკაცია; გ.დ) ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, ფილოსოფია; გ.ე) ლიტერატურის, კულტურისა და ხელოვნების კვლევები; გ.ვ) არქეოლოგია და ისტორია; გ.ზ) საზოგადოებრივი გეოგრაფია, დემოგრაფია, ტერიტორიული დაგეგმვა; დ) (ამოღებულია - 30.12.2025, №624).

2¹.ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ, ჩაშლილ კლასიფიკატორს, თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, ადგენს და ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენერალური დირექტორი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში  შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ა 1 ) ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი; ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი; გ) დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი − პირი/პირთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც აფასებს/აფასებენ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს; დ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; ე) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისათვის; ვ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს/აფინანსებენ კვლევით პროექტს; ზ) თანამონაწილე ორგანიზაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად, უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თ) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ი) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ლ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი; მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების  მითითებით; ნ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი; ო) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს; პ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; ჟ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; რ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ს) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; ტ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; უ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ფ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები; ქ) ძირითადი   პერსონალი –  გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტი; ღ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მაისის დადგენილება №234 – ვებგვერდი, 23.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.

მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება

1.გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.

2.ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; ბ 1 ) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს , დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.

მუხლი 4. სუბიექტები

1.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) ძირითადი პერსონალის სახით – დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, დოქტორანტურის, მაგისტრატურის ან რეზიდენტურის სტუდენტს.

2.ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია იყოს ჩართული ფონდის მიერ გამოცხადებული და ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. პროექტში ჩართვა გულისხმობს, როგორც კონკურსში წარმოდგენილ, ასევე უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებში ჩართვას შემდეგ კონკურსებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.

2¹.ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე დროს, არ უნდა ხელმძღვანელობდეს ფონდის მიერ გამოცხადებული ან ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ ერთზე მეტ პროექტს. პროექტის ხელმძღვანელობაში იგულისხმება, როგორც კონკურსში წარმოდგენილი, ასევე უკვე დაფინანსებული, მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელობა შემდეგ  კონკურსებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.

2².(ამოღებულია - 18.05.2017, №243) .

3.პროექტში აუცილებელია წამყვანი ორგანიზაციის მონაწილეობა.

4.პროექტში დამხმარე პერსონალის სახით აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 5. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები

1.საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 ან 3 წელი. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე.

2.საგრანტო დაფინანსება შეიძლება, მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარისა; ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა;  3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარისა;

3.პროექტის წლიური ბიუჯეტი, ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს; ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს; გ) პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.

4.წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში − „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 5%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისათვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.

5.პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს წელიწადში. პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში − 50000 ლარს. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის.

5¹.დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში ჯამში 5000 ლარს.

6.პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით. პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე.

7.პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მაისის დადგენილება №234 – ვებგვერდი, 23.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №624 – ვებგვერდი, 30.12.2025წ.

მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი

1.პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) არაფინანსური აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები.

1¹.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ.

მუხლი 7. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება; ე) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1.ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

2.დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არა უმეტეს სამი არასასურველი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ.

3.ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

მუხლი 9. პროექტის შეფასება

1.კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემათ დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

2.პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

2¹.დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

3.დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან  მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეული სამეცნიერო მიმართულებებისა და მიმართულებით გათვალისწინებული ქვემიმართულებებისათვის ცალ-ცალკე  დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასება. რანჟირებული სიების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია,  გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.

3¹.დამოუკიდებელი ექსპერტის/დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

4.(ძალადაკარგულია - 27.03.2017, №1/4/757) .

5.კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა ან/და ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება №1/4//757 – ვებგვერდი, 04.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი

1.დაუშვებელია, დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.

2.არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდეს დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობას იღებდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა, უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.

3.ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

4.დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

5.იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 11. საგრანტო ხელშეკრულება

1.დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.

2¹.საგრანტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული პროექტის იდენტურ ვერსიაზე.

3.პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 85% –  გრანტის მიმღებს (35%  − იურიდიულ პირს, 50% – მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 15% – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

3¹.გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).

4.ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია მიმდინარე წლისათვის პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №621 - ვებგვერდი, 16.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.

მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი

1.ფონდი, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური/საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

2.ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

2¹.მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

3.პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია,  პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით,  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

4.ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; დ) ნაშთად  ჩაითვლება  საანგარიშო პერიოდში  გაუხარჯავი  რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო  საანგარიშო პერიოდებში.

5.ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს.

6.ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.

8.ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9.ფონდი უფლებამოსილია , განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ , რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან . აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად , ფონდი უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების , შეწყვეტისა და დასრულების შესახებ . ფონდი უფლებამოსილია , აუდიტორული კომპანიის შემოწმების უარყოფითი დასკვნის ფაქტი გაითვალისწინოს საგრანტო ხელშეკრულების დამრღვევ პირთა რეესტრის − ე . წ . „ შავი სიის “ წარმოებისას . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 13. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

1.პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

3.გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4.პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში   ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილება №243 - ვებგვერდი, 22.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მაისის დადგენილება №234 – ვებგვერდი, 23.05.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1.საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:

1.

სამეცნიერო კვლევა

მინიმუმ 4,

მაქსიმუმ 20 ქულა

1.1. კვლევის სიახლე, აქტუალურობა და ინტერდისციპლინურობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.2. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.3. კვლევის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.4. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა ან/და ინსტიტუციური კოლაბორაცია

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.სამეცნიერო ეფექტიანობა

მინიმუმ  3, მაქსიმუმ 15  ქულა

2.1. პროექტის ფარგლებში მკვლევართა გუნდის კარიერული განვითარების პერსპექტივა, ინტელექტუალური საკუთრების შექმნა და ცოდნის ტრანსფერი

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.2. კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია, კომუნიკაცია), ინტერდისციპლინური განვითარება

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.3. პროექტის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

3.მკვლევართა გუნდი

მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა

3.1. სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

3.2. პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება ძირითადი პერსონალის კომპეტენციების გათვალისწინებით

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

4.განხორციელების გეგმა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

ქულათა ჯამი

მინიმუმ 10, მაქსიმუმ 50 ქულა

კომენტარი პროექტის შესახებ

2.შეფასება ხორციელდება 4  კრიტერიუმით, საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით, მეორე კრიტერიუმი – მინიმუმ 3   და მაქსიმუმ 15 ქულით, მესამე კრიტერიუმი მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო მეოთხე კრიტერიუმი – მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას.

3.თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქვეკრიტერიუმის ქულები შეფასდება და განიმარტება შემდეგნაირად:

შეფასება ქულით

შეფასება

განმარტება

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, გართულებულია შეფასება არასაკმარისი, ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო.

2

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს. გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.

5

საუკეთესო

პროექტი საუკეთესოდ პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, შეიძლება არსებობდეს უმნიშვნელო ერთეული შენიშვნები, რომლებიც არ ეხება სამეცნიერო პოტენციალს.

4.დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ან მეტი ქულა.

5.თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში  კი – ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.