1.პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული ფართი და რომელიც მითითებულია სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) სამისამართო რეესტრში, აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული შენობა-ნაგებობა.
1¹.რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, რომლის სისწორეც არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციით.
1².რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.
2.18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის. თუ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ მიეთითება განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
3.18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაციისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3 1 . 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტებით/დოკუმენტებით, ასევე, შესაძლებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.
4.დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დაბადების რეგისტრაცია ხდება მშობლის/მშობლების განცხადებით – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი/მათი სურვილისამებრ.
5.თუ დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ის მშობელი, რომლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე ან არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია განხორციელდება მეორე მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დედა არის უცხოელი, რომელსაც საქართველოში არა აქვს გავლილი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
7.პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემის საფუძველზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.
8.იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს), შეიძლება გატარდნენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8¹.იძულებით გადაადგილებული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ასევე შეიძლება დარეგისტრირდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე გაცემულ დასკვნაში/ცნობაში მითითებულ მისამართზე.
9.პატიმრობის, სასჯელის მოხდის, სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფელი, რის შესახებაც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
10.თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის დაწესებულებაში მოთავსებიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არ მოეპოვება, პირის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წარმოდგენა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.