1.ფორმა №2-ს ავსებს და საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი.
1¹.არარეზიდენტის ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელის და საგადასახადო აგენტის მიერ აღწერილი უნდა იქნეს გადასახადის საქართველოში დაკავების მიზეზი და საფუძველი.
2.ფორმა №2-ს საქართველოს საგადასახადო ორგანოში წარდგენისას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3.შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. თუ არარეზიდენტისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე საგადასახადო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გადასახადის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წელი ხანდაზმულ პერიოდს მიეკუთვნება, ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა გასულად, თუ ფორმა №2 წარდგენილია ამ ვადის გასვლამდე.
4.ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი. ფორმა №2-ის დამოწმებისას, საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ფორმა №2-ში მითითებული ინფორმაციის სისწორე ამ წესის 1 1 მუხლის დებულებებთან მიმართებით.
5.ფორმა №2-ის დამოწმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.ფორმა №2-ის შევსების წესი: ა) ფორმა №2-ის I ნაწილის: ა.ა) პირველ გრაფაში იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - მისი სახელი და გვარი; ა.ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება შემოსავლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მას გააჩნია საგადასახადო მიზნებისათვის თავის ქვეყანაში ან/და საქართველოში. თუ შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირია და ასეთი ნომერი არ გააჩნია - მისი პირადი ნომერი; ა.გ) მე-3 გრაფა ივსება ფიზიკური პირის შემთხვევაში და მიეთითება შემოსავლის მიმღების დაბადების თარიღი და ადგილი; ა.დ) მე-4 გრაფაში მიეთითება სრული მისამართი (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ან იურიდიული მისამართი); ა.ე) მე-5 გრაფაში მიეთითება სრული საკონტაქტო მისამართი, თუ ის არ ემთხვევა მე-4 გრაფაში მითითებულ მისამართს; ა.ვ) მე-6 გრაფაში მიეთითება იმ ბანკის რეკვიზიტები (მაგ. SWIFT, IBA N და ა.შ.) და ანგარიშის ნომერი, სადაც განხორციელდა თანხის გადარიცხვა. თუ გადახდა არ განხორციელებულა გადარიცხვით, გრაფა არ ივსება; ა.ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის მიმღები. ასევე, მიეთითება, რა კრიტერიუმის საფუძველზე განიხილება შემოსავლის მიმღები აღნიშნული ქვეყნის რეზიდენტად; ა.თ) მე-8 გრაფაში მიეთითება მუდმივი დაწესებულების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ ასეთი საქართველოში გააჩნია შემოსავლის მიმღებ არარეზიდენტს; ბ) ფორმა №2-ის II ნაწილის მე-9 გრაფაში მიეთითება შემოსავლის სახეებისათვის ამ წესით მინიჭებული შემოსავლის კოდი, გადახდის თარიღი, საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და მისი, როგორც საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადახდილი შემოსავლის თანხა დაბეგვრამდე, ბოლო სვეტის “a” ნაწილში მიეთითება დაკავებული/გადახდილი გადასახადის ოდენობა, ხოლო “b” ნაწილში - გადასახადის ოდენობა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს არარეზიდენტი; გ) ფორმა №2-ის III ნაწილის მე-10 გრაფა ივსება საგადასახადო აგენტის მიერ არარეზიდენტისათვის თანხის დაკავების შემთხვევაში; დ) ფორმა №2-ის IV ნაწილის: დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი ამ წესის 1 1 მუხლის შესაბამისად. ამასთან, არარეზიდენტს მოეთხოვება მხოლოდ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა; დ.ბ) მე-12 გრაფაში შემოსავლის მიმღები მიუთითებს, რომ ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას და მიუთითებს დასაბრუნებელ თანხას; დ.გ) მე-13 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან მისი კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს იმ ბანკის რეკვიზიტებს, რომელზეც სურს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება; დ.დ) მე-14 გრაფაში შემოსავლის მიმღები ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №323 - ვებგვერდი, 08.12.2021წ.