1.კომიტეტის ან პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც: ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.
2.გაფრთხილება გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.
3.კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას; ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს.
4.უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას.
5.უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი.
6.უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
7.(ამოღებულია - 11.03.2022, №07).
8.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელი ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
9.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი (გარდა რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.
10.თუ 2 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 5%.
11.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის მიმდინარეობისას კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 5%. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი რიგგარეშე სესიის მიმდინარეობისას არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 5%.
12.(ამოღებულია - 11.03.2022, №07).
13.თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის ერთ სხდომას მაინც, მას დაუკავდება ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.
14.ამ მუხლის მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის 20%-ს.
15.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
16.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.
17.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 მარტის რეგლამენტი N07-ს - ვებგვერდი, 11.03.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 9 ივნისის რეგლამენტი №17-ს - ვებგვერდი, 10.06.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის რეგლამენტი №06-ს - ვებგვერდი, 19.04.2024 წ.