1.სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სოციალურ დაცვას.
2.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
3.ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში იღებს სახელმწიფო კომპენსაციას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, ასევე ერთჯერად დახმარებას 5 წლის ფულადი ანაზღაურების სახით.
4.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის და/ან მისი ოჯახის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების), ასევე დასახიჩრების ან დაინვალიდების გამო სამსახურიდან დათხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებული იყო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებასთან, სახელმწიფო ანაზღაურებს დაღუპულის (გარდაცვლილის) ნეშტის გადმოსვენების, აგრეთვე ნეშტის დაკრძალვის ხარჯებს. დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება დაღუპულის (გარდაცვლილის) 10 წლის ფულადი ანაზღაურების სახით და უდგინდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.
5.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო დავალების შესასრულებლად იმყოფება იმ სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან მიმდინარეობს საომარი მოქმედება, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება სამ დღედ. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც სადაზვერვო დავალების შესრულება უწევს იმ სახელმწიფოში, სადაც მძიმე კლიმატური პირობებია, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ.
6.საქართველოს დაზვერვის სისტემის იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს საზღვარგარეთ, უნარჩუნდება ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება სრული ოდენობით და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისათვის საქართველოს სადაზვერვო სისტემის სამხედრო მოსამსახურის და/ან მისი ამ საქმიანობისთვის ოჯახის წევრების დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ ხელი შეუწყოს მათ სრულ გათავისუფლებას.
7.ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგო უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.
8.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისიანობის ნაწილობრივ ან სრული დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს დაზვერვის სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს ამ მოსამსახურის შრომითი მოწყობა ან შეუქმნას მას პირობები პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურების ჩათვლით.
9.საქართველოს დაზვერვის სისტემა, თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, ძირითადი და დამატებითი შვებულებების დროს სანატორიულ-სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, სხვა დასახლებულ პუნქტში გადაყვანისას აქვს ყველა სახის საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.
11.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით მგზავრობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დაზვერვის სისტემის შესაბამისი უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.
12.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უფლება აქვს ისარგებლოს სახელმწიფო-საუწყებო აგარაკებით, დასასვენებელი სახლებითა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მომსახურებით.
13.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მიწის ნაკვეთი და აწარმოოს დამხმარე მეურნეობა.
14.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე ასევე ვრცელდება სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
15.სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეთათვის შეიძლება დადგინდეს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2462 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.403