1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.
2.მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
3.მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისაგან.
4.მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა.
5.მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
