1.არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
2.განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.
3.განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
4.ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენისას, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არ არის დაცული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, საკადასტრო აზომვით ნახაზში მიეთითება მიწის ნაკვეთის მხოლოდ ის ფართობი, რომელზედაც უშუალოდ განლაგებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
5.განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.
6.ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და დაუყოვნებლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
8.დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო რეგისტრირებულ განცხადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას, წარდგენის თარიღს და ადასტურებს ბეჭდით.
9.დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
10.თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
11.განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება მხოლოდ განმცხადებლის მიერ შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9
ივნისის
დადგენილება №261 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.