Legal.geდანართი აქტისა
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 20.12.2022წ.
პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესი
ეს დანართი განსაზღვრავს პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის პროცედურას, პქბ-ს მონაცემთა ბაზის წარმოების წესს. პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობების/მარაგების ეტიკეტირების მოთხოვნებს.
პქბ-ს შემცველი ზეთების ან/და მოწყობილობების (ტრანსფორმატორები; კონდენსატორები; წრედის ამომრთველები და სხვ.) მფლობელები ვალდებული არიან, პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ), განახორციელონ ზეთების ანალიზი პქბ-ს შემცველობაზე.
1.ზოგადი ინფორმაცია
პოლიქლორირებული ბიფენილები (შემდგომში – პქბ) არის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს (მოდ) შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ელექტრომოწყობილობების გაგრილებისა და იზოლაციისთვის, განსაკუთრებით, ტრანფორმატორებისთვის და კონდენსატორებისთვის. პქბ ასევე გამოიყენება სხვადასხვა სახის გარე სამუშაოების საწარმოებლად განკუთვნილ მასალებში (საღებავების პლასტიფიკატორები, საიზოლაციო მასალები და სხვ.).
წინამდებარე დანართით განსაზღვრული წესები ეხება მოწყობილობებს, რომლებიც შეიცავენ, ან შესაძლოა შეიცავდნენ პქბ-ს შემცველ ზეთებს. დანართი ასევე შეიცავს ინსტრუქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ პქბ-ს პოტენციურად შემცველ მოწყობილობებთან და პროდუქტებთან.
2.პოლიქლორირებული ბიფენილების გამოყენება
2.1. პქბ-ს დადებითი მახასიათებლების (არააალებადობა, მჟავებსა და ტუტეების მიმართ მედეგობა, ჟანგვადობა და ჰიდროლიზი, წყალში დაბალი ხსნადობა, თერმული მედეგობა, ფართო დიელექტრიკული მახასიათებლები და ა.შ) გამო ისინი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში. პქბ-ს ნარევები გამოიყენება როგორც ღია, ასევე, ნაწილობრივ ღია და დახურულ სისტემებში.
2.2. პქბ ასევე გვხვდება ნარჩენებში. ნარჩენები, რომლებიც შედგებიან პქბ-სგან, შეიცავენ პქბ-ს, ან დაბინძურებული არიან პქბ-ით, არსებობს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის:
ა) პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობები (კონდენსატორები, წრედის ამომრთველები, ელექტროკაბელები, ელექტრული ძრავები, ელექტრომაგნიტები, სითბოს გადამტანი მოწყობილობა, ჰიდრავლიკური მოწყობილობა, ჩამრთველები, ტრანსფორმატორები, ვაკუუმტუმბოები, ძაბვის რეგულატორები);
ბ) პქბ-ით დაბინძურებული გამხსნელები;
გ) საექსპლუატაციო ვადაგასული სატრანსპორტო საშუალებები;
დ) სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ან დაბინძურებულნი არიან პქბ-ით (შეღებილი მასალები, სინთეტიკურ რეზინებზე დამზადებული იატაკის საფარები, საიზოლაციო საშუალებები);
ე) ზეთები, რომლებიც შეიცავენ ან დაბინძურებული არიან პქბ-ით (დიელექტრიკული სითხეები, სითბოს გადამცემი სითხეები, ჰიდრავლიკური სითხეები, ძრავის ზეთი);
ვ) ელექტროკაბელები პოლიმერული იზოლაციით, რომელიც შეიცავს ან დაბინძურებულია პქბ-ით;
ზ) ნიადაგები და ნალექები, ქანები და აგრეგატები, რომლებიც დაბინძურებულნი არიან პქბ-ით (ხრეში, ქვა-ღორღი);
თ) პქბ-ით დაბინძურებული შლამი;
ი) პქბ-გან შემდგარი და მისგან დაბინძურებული ნარჩენების შენახვით დაბინძურებული კონტეინერები.
3.პოლიქლორირებული ბიფენილების წყაროების აღმოჩენა
პქბ გვხვდება შემდეგ სექტორებში/ობიექტებში:
ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება:
ტრანსფორმატორები, კონდენსატორები, ჩამრთველები, ძაბვის მარეგულირებლები, წრედის ამომრთველები, ნათურის სტარტერები და კაბელები;
ინდუსტრიული ობიექტები: ტრანსფორმატორები, კონდენსატორები, ძრავის მარეგულირებლები, წრედის ამომრთველები, ნათურის სტარტერები, სითბოს გადამცემი სითხეები, ჰიდრავლიკური სითხეები და ცეცხლსაქრობი სისტემები;
რკინიგზა:
ტრანსფორმატორები, კონდენსატორები, ძაბვის მარეგულირებლები და წრედის ამომრთველები;
სამთო მოპოვებითი ოპერაციები:
ჰიდრავლიკური სითხეები და დამიწების კოჭები;
სამხედრო მოწყობილობები: ტრანსფორმატორები, კონდენსატორები, ძაბვის მარეგულირებლები, ჰიდრალიკური სითხეები და ცეცხლსაქრობი სისტემები;
საცხოვრებელი/კომერციული შენობები:
კონდენსატორები, წრედის ამომრთველები, ნათურის სტარტერები და ცეცხლსაქრობი სისტემები; ელასტიკური ნაკერები და ამოსავსები მასალები, საიზოლაციო წებოები, საღებავები, ბეტონი და ბათქაში;
კვლევითი ლაბორატორი
ე
ბი:
ვაკუუმტუმბოები, ნათურის სტარტერები, კონდენსატორები და წრედის ამომრთველები;
ელექტრონაწარმის წარმოების ობიექტები:
ვაკუუმტუმბოები, ნათურის სტარტერები, კონდენსატორები და წრედის ამომრთველები;
ჩამდინარე წყლების ჩაშვების ობიექტები:
ვაკუუმტუმბოები და ჭის ძრავები;
ელექტრომოწყობილობაში პქბ-ის შემცველობის აღმოჩენის ყველაზე მარტივი გზაა მოწყობილობის ტექნიკური სპეციფიკაციების ან/და ეტიკეტის შესწავლა.
4.ელექტრომოწყობილობიდან დიელექტრიკული ზეთის სინჯების აღება
ზეთში პქბ-შემცველობის შემოწმების ან/და „ჯვარედინი დაბინძურების“ (პქბ-ს მოხვედრა პქბ-შემცველი ზეთიდან პქბ-ს არშემცველ ზეთში) აღმოჩენის მიზნით უნდა ჩატარდეს პქბ-ის სინჯების აღება და ანალიზი.
4.1. პქბ სინჯების აღება და შეგროვება
ელექტრომოწყობილობაში პქბ სინჯის აღებისას, პირველყოვლისა, შერჩეული უნდა იქნეს თხევადი დიელექტრიკული სითხეების სინჯის აღების შესაბამისი მეთოდი. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ჯვარედინი დაბინძურების და სინჯების ერთმანეთში არევის პრევენცია, პერსონალის მიერ დამცავი აღჭურვილობის ტარება, გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მზადყოფნა.
პქბ სინჯის აღება მოიცავს შემდეგ სავალდებულო პროცედურებს:
იმ ობიექტის და მასალების შემოწმება, რომლებიდანაც სინჯები უნდა იქნეს აღებული;
სინჯების ასაღებად საჭირო მასალების და აღჭურვილობის მოპოვება და მოსამზადებელი სამუშაოები შესრულება საველე პირობებში, ან ლაბორატორიაში;
სინჯების აღების ლოკაციის დადგენა და შესაბამის ტერიტორიაზე მოწყობილობის განთავსება;
სინჯების აღების დადგენილი გეგმის გათვალისწინება და მისი კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში);
სინჯების აღება;
სინჯების მოთავსება სპეციალურ კონტეინერებში და მათი დალუქვა შესაბამისი პერსონალის მიერ;
სინჯების ეტიკეტირება და კვლევისთვის დანომვრა;
სინჯების შენახვა ისეთი ფორმით, რომ არ მოხდეს მასალის დეგრადაცია;
შემდეგი სინჯის აღებამდე სინჯის ასაღები მოწყობილობის გაწმენდა (ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად);
სინჯების გადაცემის ანკეტების შევსება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სინჯების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშის ფურცლების შევსება;
აღებულ სინჯებზე შენიშვნების, ფოტო და ვიდეო მასალის დართვა;
აღებული სინჯების ტრანსპორტირება ანალიზის ჩასატარებელ მოწყობილობამდე (ლაბორატორიის ტერიტორია);
ანალიზის ჩასატარებლად სინჯების შესაბამისი სპეციალისტებისთვის გადაცემა. სინჯების აღების ჩანაწერების ჟურნალში უნდა აღინიშნოს:
სინჯების აღების დროს გამოყენებული აღჭურვილობა;
სინჯების ამღები პირების ვინაობა;
სინჯების რაოდენობა;
სინჯების აღების ადგილი (ადგილის გეგმა და რუკა);
სინჯების აღწერილობა სინჯების აღების დროს;
კლიმატური პირობები და ნებისმიერი უჩვეულო გარემოება.
4.2. აღებული სინჯის ლაბორატორიული ანალიზი
პქბ-ს ანალიზი უნდა ჩატარდეს ე.წ „სპეციფიკური მეთოდით“ ან „არასპეციფიკური მეთოდით“.
სპეციფიკური მეთოდი
მოიცავს გაზქრომატოგრაფიას (GC) და მასსპექტრომეტრიას (MS), რომელიც ანალიზს აკეთებს პქბ-ს გარკვეულ მოლეკულებზე.
არასპეციფიკური მეთოდი
ადგენს ისეთი შენაერთების კლასებს, როგორებიცაა ქლორირებული ნახშირწყალბადები, რომლებსაც მიეკუთვნება პქბ-ები. არასპეციფიკური მეთოდი მოიცავს პქბ-ს საველე სკრინინგის ტესტის კომპლექტს და ასევე საველე ანალიზატორებს.
პქბ სპეციფიკური მეთოდი უფრო ზუსტია, ვიდრე არასპეციფიკური მეთოდი, თუმცა, მეტ დროს/ადამიანურ რესურსს მოითხოვს და როგორც წესი, არ გამოიყენება კონკრეტულად ობიექტზე.
4.3. დიელექტრიკულ ზეთში პქბ-ს რაოდენობის განსაზღვრა (სკრინინგი და ლაბორატორიული ტესტირება)
დიელექტრიკულ ზეთში პქბ-ს რაოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენებული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:
ქლორის კონცენტრაციის ინსტრუმენტალური აღმოჩენა:
მეთოდი, რომელიც ზეთის სინჯებში ქლორის კონცენტრაციის დასადგენად იყენებს ინსტრუმენტებს, ან ანალიზატორებს.
(ქლორის ინსტრუმენტალური აღმოჩენის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია არატექნიკური პერსონალის მიერ, ადგილზე ან ლაბორატორიაში).
სკრინინგი:
ინსტრუმენტალური აღმოჩენის მეთოდი ზეთის სინჯში კონცენტრაციის დასადგენად, რომელიც ეყრდნობა იონსელექციურ ელექტროდს. სინჯის ანალიზი კეთდება ტრანსფორმატორის ზეთზე, ნიადაგზე, წყალზე და ზედაპირის საწმენდებზე. გამოსაყენებელი გაზომვის დიაპაზონი ზეთისთვის არის 2-დან 2000 მემილიონედი ნაწილი (ppm).
4.4. ტრანსფორმატორის
ზეთის ანალიზი უნდა ჩატარდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:
დიელექტრიკული ზეთისთვის სკრინინგის ხარისხობრივი/რაოდენობრივი მეთოდი
(EPA SW-846 მეთოდი 9079) პოლიქლორირებული ბიფენილებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სკრინინგ-ტესტის მეთოდი, ან კოლორიმეტრიულ რეაქციაზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის მოწყობილობების კომპლექტის გამოყენებით, ან ქლორის იონსელექციური ელექტროდი (იმისთვის, რომ გაიზომოს ქლორის შემცველობა და გამოანგარიშებულ იქნეს Aroclor-ის ეკვივალენტი კონცენტრაცია). სკრინინგ-საქმიანობის დროს წარმოშობილი ნებისმიერი სახის ნარჩენი (გამოყენებული სკრინინგ-ტესტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვ.) უნდა შეგროვდეს როგორც სახიფათო ნარჩენები და მათი განთავსება უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების მიხედვით.
დიელექტრიკული/საიზოლაციო ზეთისთვის, ნარჩენი ზეთისთვის და სხვა ნაჩენების მართვისთვის გამოყენებული უნდა იქნეს:
− ლაბორატორიული მეთოდი (ევროპული სტანდარტი EN 61619 საერთაშორისო ელექტრო-ტექნიკური კომისია (IEC) 61619: საიზოლაციო სითხეები − დაბინძურება პოლიქლორირებული ბიფენილებით (PCBs);
კაპილარული სვეტის გაზქრომატოგრაფიით დადგენის მეთოდი (ევროპული სტანდარტი EN 61619 საერთაშორისო ელექტრო-ტექნიკური კომისია (IEC) 61619); EN 12766-1, EN-12766-2 და EN
12766-3:
პქბ-ის დადგენის მეთოდი ნავთობპროდუქტებში და ნახმარ ზეთებში (EN 12766-1, EN-12766-2
და EN 12766-3); ASTM D4059:
სტანდარტული ტესტირების მეთოდი საიზოლაციო სითხეებში პოლიქლორირებული ბიფენილების ანალიზისთვის გაზქრომატოგრაფიის გამოყენებით (ASTM D4059); ASTM D6160 − 98(2013):
ნარჩენ მასალებში პოლიქლორირებული ბიფენილების აღმოჩენის სტანდარტული ტესტირების მეთოდი (ASTM D6160 − 98(2013).
ყველა შემთხვევაში შერჩეული ანალიზის მეთოდი უნდა მოიცავდეს ზემოაღნიშნული მეთოდებიდან ერთ-ერთში გათვალისწინებული ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის (QA/QC) პროცედურებს. ლაბორატორია, სადაც ტარდება ანალიზი, უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული ანალიზის მეთოდისთვის გათვალისწინებულ QA/QC-ის მოთხოვნებს.
ანალიზის დასრულების შემდეგ ლაბორატორია თითოეული სინჯისთვის გაცემს ანალიზის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს აღებული სინჯის მოწყობილობის ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა მონაცემს.
პქბ-ს მონაცემთა ბაზა
პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე განხორციელებული ოპერაციების/სამუშაოების აღრიცხვისთვის, პქბ-ს ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს პქბ-ს მონაცემთა განახლებადი ელექტრონული ბაზა. პქბ-ს მონაცემთა ბაზაში მონაცემები უნდა განახლდეს მოწყობილობის დამუშავების ან/და განთავსებისთანავე.
პქბ-ს მონაცემთა ბაზის ელემენტები
პქბ-ს მონაცემთა ბაზაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ინფორმაცია პქბ მოწყობილობის მფლობელზე:
კომპანია
ქუჩა
ქალაქი
საფოსტო კოდი
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ინფორმაცია პქბ მოწყობილობის ადგილმდებარეობაზე:
ობიექტი
ქუჩა
ქალაქი
არის თუ არა მოწყობილობა ექსპლუატაციაში
როგორია პქბ-ის კონცენტრაცია <500 მგ/კგ თუ >500 მგ/კგ
რამდენად კარგია მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა
მდებარეობს თუ არა მოწყობილობა მაღლი რისკის შემცველ ტერიტორიაზე (მაგ.: საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი, საკვები, წყლის და სანიტარიული მომსახურების ადგილები, ადამიანების თავშეყრის ადგილი და სხვ.)
ინფორმაცია პქბ მოწყობილობის შესახებ:
ტიპი (ტრანსფორმატორი, კონდენსატორი, თუ სხვა)
გამოყენება/შენახვის სიტუაცია
მოწყობილობის მოდელი და სერიული ნომერი
მოწყობილობის წონა
პქბ მოწყობილობის ზომა
წარმოების თარიღი
მოწყობილობის მწარმოებელი
ინფორმაცია გაჟონვებისა და დაბინძურების შესახებ
მოწყობილობის სურათები
ოფიციალური ინფორმაცია:
სახელი
დასახელება
პქბ-ს მონაცემთა ბაზის წარმოება
პქბ-ს მონაცემთა ბაზის ეფექტური წარმოებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა − DBMS.
პქბ-ს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება (პქბ-ს შეტანა, აღრიცხვა, მონაცემთა განახლება და ა.შ) უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული ოპერატორის მიერ.
პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება უწყვეტად უნდა ხორციელდებოდეს. პქბ მოწყობილობის იდენტიფიცირებისას ასევე უნდა მომზადდეს და პქბ-ს მონაცემთა ბაზაში აღირიცხოს ანგარიშის სპეციალური ფურცლები. პქბ-ს შესახებ ახალი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პქბ-ს შესაბამისმა მფლობელმა ანგარიში უნდა წარუდგინოს პქბ-ს ადგილობრივი მართვის ორგანოებს, რათა შეატყობინოს ახალი გარემოება on − ან off-line (ჩართვა/გამორთვის)-ის მეთოდებით. როგორც კი მოხდება შესაბამისი მოწყობილობის გარემოსთვის უსაფრთხო ფორმით დამუშავება ან მოცილება, აღნიშნული მოწყობილობის სტატუსი პქბ-ს მონაცემთა ბაზაში უნდა განახლდეს.
პქბ-ს მონაცემთა ბაზაში ასახული უნდა იქნეს სრული ინფორმაცია პქბ-ის შემცველ მოწყობილობაზე და მათ მფლობელებზე.
პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობის/პქბ-ს შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირება
ეტიკეტირება
1.1. პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობის აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება. მოწყობილობაზე სათანადო ეტიკეტების არსებობა უზრუნველყოფს იმის სწრაფ დადგენას, შეიცავს თუ არა მოწყობილობა პქბ-ს.
1.2 ეტიკეტირება უნდა გაკეთდეს უშუალოდ მოწყობილობაზე. მიზანშეწონილია მკვეთრი ფერის ეტიკეტის გამოყენება.
1.3. ასევე უნდა მოინიშნოს პქბ-ს შენახვის ზონებიც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს პქბ-თან დაკავშირებულ ინცინდენტებზე ოპერატიული რეაგირება.
მოწყობილობის ეტიკეტირება
2.1. მოწყობილობას ეტიკეტი უნდა მიეკრას მოწყობილობის იდენტიფიცირებისთანავე. ეტიკეტი უნდა გაკეთდეს როგორც ექსპლუატაციაში მყოფი, ასევე ექსპლუატაციიდან ამოღებული მოწყობილობის ან მისი ნაწილების იოლად შესამჩნევ და მისადგომ ადგილებში. ეტიკეტი, იოლად წაკითხვადობის მიზნით, უნდა იყოს საკმარისად დიდი ზომის. ეტიკეტზე დატანილი ტექსტი არ უნდა იყოს გრძელი. საკმარისია შინაარსის მოკლე განმარტება და საკონტაქტო მისამართის მითითება.
2.2. მოწყობილობას, მასში აღმოჩენილი პქბ-ს შემცველობის მიხედვით, უნდა გაუკეთდეს შესაბამისი ეტიკეტი. კერძოდ:
< 50 მემილიონედი ნაწილი (ppm) − მწვანე ეტიკეტი;
> 50 მემილიონედი ნაწილი (ppm) მაგრამ < 500 მემილიონედი ნაწილი (ppm) − ნარინჯისფერი ეტიკეტი;
> 500 მემილიონედი ნაწილი (ppm) − წითელი ეტიკეტი.
2.3. ეტიკეტზე ასევე მითითებული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ნომერი.
პქბ-ს შემცველი მასალის შენახვის ობიექტის ეტიკეტირება
50 მგ/კგ ან მეტი პქბ-ს შემცველობის ნებისმიერი მასალის შემნახველ ობიექტს, ადვილად შესამჩნევ ადგილზე, უნდა მიეკრას პქბ-ს აღმნიშვნელი ეტიკეტი. ეტიკეტი შესაძლოა გაკეთდეს პქბ-ის შენახვის ადგილის შესასვლელთან. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მასალის შენახვის ობიექტზე მიტანის თარიღი.