Legal.geდანართი აქტისა
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 20.12.2022წ.
დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესი
ეს დანართი განსაზღვრავს დიელექტრიკული ზეთის გაჟონვისა და ჯვარედინი დაბინძურების პრევენციისა და აღკვეთის წესს, ასევე, დაბინძურებული ზეთების რეგენერაციისა და გადამუშავების პროცედურას.
1.ჯვარედინი დაბინძურების შესაძლებლობები
პქბ-ს გავრცელება, ძირითადად, ხდება ჯვარედინი დაბინძურების შედეგად. პქბ-ით ზეთის ჯვარედინ დაბინძურებას ადგილი აქვს, როდესაც პქბ, პქბ-შემცველი ზეთიდან, ხვდება პქბ-ის არშემცველ ზეთში. ჯვარედინი დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობა, ზეთში პქბ შემცველობის დონის არცოდნა, ტრანსფორმატორის ზეთით შევსება/გამოცვლა, ტრანსფორმატორის სრული რემონტი და სხვ.
პქბ-ს შემცველ მოწყობილობებთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება. ჯვარედინ დაბინძურებას შეიძლება ადგილი ქონდეს შემდეგ შემთხვევებში:
პქბ-ისგან თავისუფალი მასალების პქბ-ით დაბინძურებულ მასალებთან შერევის დროს;
ტრანსფორმატორში დიელექტრიკული ზეთის შეცლის დროს, პქბ-ს შემცველი ზეთის ჩამოღვრით და მინერალური ზეთით შევსებით; დიელექტრიკული ზეთების რეგენერაციის ან დამუშავების დროს საველე პირობებში (ფილტრაცია ფილტრ-წნეხებით ან ვაკუუმური ფორმირებით), რომლის დროსაც სერვისის მიმწოდებელი იყენებს პქბ-ით დაბინძურებულ აღჭურვილობას, ავზებს, ტუმბოებსა და შლანგებს;
ზეთისა და დაბინძურებული აღჭურვილობის გადამამუშავებლებისა და ჯართით მოვაჭრეებისთვის გადაცემის დროს.
2.პქბ ზეთის ჯვარედინი დაბინძურების დონეები
2.1. პქბ-ის შემცველი ზეთის ჯვარედინი დაბინძურება მარტივად ხდება ორი ტიპის მასალის − პქბ-ით დაბინძურებული და პქბ-ით დაუბინძურებელი მასალების გაზავებით ან მათი შემთხვევითი კონტაქტით. ზეთებთან და ზეთიან აღჭურვილობასთან მუშაობის დროს, პქბ-ის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პქბ-ის შემცველობის შუალედური ტესტირება.
2.2. ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსფორმატორების ზეთის დაბინძურება პქბ-ით ხდება რამდენიმე ათას PPM დონემდე. ტრანსფორმატორის ზეთებს, პქბ-ს დაბინძურების დონეების მიხედვით, განსხვავებული სახელები ენიჭება:
მასალის ტიპი
პქბ-ს დაბინძურების დონე PPM
„სუფთა პქბ” ზეთი
> 500 PPM
პქბ დაბინძურებული ზეთი
50-დან 500 PPM-მდე
პოტენციურად მართვადი პქბ დაბინძურებული ზეთი
5-დან 50 PPM-მდე
არა პქბ ზეთი
<5PPM
3.ზეთისა და აღჭურვილობის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების პროცედურა
ზეთისა და აღჭურვილობის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები:
ტრანსფორმატორის მონტაჟი უნდა განხორციელდეს პქბ-ით დაბინძურებისაგან თავისუფალ ადგილას;
ტრანსფორმატორის შევსებამდე უნდა განხორციელდეს ტრანსფორმატორის ზეთის ხარისხის მონიტორინგი (ზეთი თავისუფალი უნდა იყოს პქბ-გან);
აკრძალულია იმპორტირებული ტრანსფორმატორის ზეთის გამოყენება პქბ-ის ტესტის სერტიფიკატის გარეშე;
ტრანსფორმატორის ზეთი უნდა დაიტესტოს და დამოწმდეს სტანდარტის სერტიფიკატით (RSB);
პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორი უნდა იყოს მარკირებული;
აკრძალულია პქბ-ით დაბინძურებულ ტრანსფორმატორზე გამოყენებული აღჭურვილობის და ხელსაწყოების დაუბინძურებელ ტრანსფორმატორებზე გამოყენება;
მომსახურე პერსონალს − ტექნიკოსებს, ინჟინერ-ტექნიკოსებს და ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრებს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი პქბ-ის მართვის საკითხებზე.
4.პქბ ზეთით ჯვარედინი დაბინძურების აღკვეთის პროცედურა
პქბ ზეთით ჯვარედინი დაბინძურების აღკვეთისთვის სავალდებულოაა:
პქბ-ს და პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორების იდენტიფიცირება;
პქბ-სა და პქბ-ით დაბინძურებული იმ ტრანსფორმატორების სათანადო მარკირება (პქბ-ის კონცენტრაციის დონის მითითებით);
სარემონტო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა;
ტექნიკოსებს შორის აღჭურვილობის გაცვლის აღკვეთა;
ტექნიკოსების პირადი დაცვის საშუალებებით (კომბინეზონები, ჩექმები, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები) უზრუნველყოფა;
პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორის დაუბინძურებლისაგან განცალკევება (დაბინძურებული ტრანსფორმატორები უნდა გაიგზავნოს დეკონტამინაციის ადგილებზე);
პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორის გადაზიდვის დროს ტრანსფორმატორის ზეთის გაჟონვისა და დაღვრის აღკვეთის მიზნით, დატვირთვის ადგილებზე გაჟონვის აღკვეთის, კონტროლის და გასუფთავების შესაბამისი საშუალებების ქონა;
პქბ-სა და პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორების გადაზიდვა მაღალი შეუღწევადობის მქონე ჰერმეტული მასალებით;
შეკეთებამდე ტრანსფორმატორის დეკონტამინაცია;
პქბ-სა და პქბ-ით დაბინძურებული ტრანსფორმატორის შეკეთებისთვის გამოყენებული ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის პქბ-სგან დაუბინძურებელი ხელსაწყოებისა და აღჭურვილობისაგან განცალკევებით შენახვა;
დამცავი საშუალებების (ტანსაცმელი, ჩექმები და სხვა აღჭურვილობა) გაწმენდა გამხსნელით, ან მათი მოთავსება მაღალი შეუღწევადობის მქონე ჰერმეტულ ფოლადის კონტეინერებში;
აღჭურვილობისა და ხელსაწყოების დეკონტამინაციის უზრუნველყოფა მომდევნო გამოყენების საჭიროებამდე;
ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრებისა და ტექნიკოსებისათვის პქბ-ს მართვის შესახებ რეგულარული ტრენინგების ჩატარება.
5.ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციისა და გადამუშავების პროცედურა
ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციისა და გადამუშავებისას საჭიროა:
ტრანსფორმატორის ზეთისაგან დაცლა;
ზეთში პქბ-ს კონცენტრაციის შემოწმება;
თუ პქბ-ის კონცენტრაციის დონე 50 PPM-ზე მაღალია, ზეთის დეკონტამინაციის ადგილას გაგზავნა (დეკონტამინაციის შემდეგ უნდა გადაწყდეს ზეთის ხელახალი გამოყენების ან გადამუშავების საკითხი);
ზეთის რეგენერაციის დაწყება (გაფილტვრა, დეგაზაცია და დეჰიდრატაცია), თუ ტესტი ადასტურებს, რომ ზეთი პქბ-საგან თავისუფალია.
6.აღჭურვილობის ეტიკეტირება
ყველა ძალოვან ტრანსფორმატორს უნდა ჰქონდეს წაკითხვადი საიდენტიფიკაციო ფირფიტა;
გარდა ზოგადი ინფორმაციისა, ტრანსფორმატორზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი აღნიშვნები: „პქბ“, „პქბ-ით დაბინძურებული“ ან „პქბ-სგან თავისუფალი“;
ეტიკეტზე აღინიშნული უნდა იყოს ბოლო და მომდევნო ტექნიკური მომსახურების თარიღები.
7.ეტიკეტირების მოთხოვნები
1.ელექტრომომარაგების სისტემებში და აღჭურვილობის გაგრილების სისტემებში სხვადასხვა სახის სითხეები გამოიყენება. პქბ ამ სითხეების რიცხვში შედის. ასეთი
მასალის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მათი შესაბამისი ეტიკეტირება.
ეტიკეტირება უნდა მოხდეს შემდეგი პქბ კლასიფიკაციით:
პქბ კონტეინერები;
პქბ ტრანსფორმატორები;
მსხვილი, მაღალი და დაბალი ძაბვის პქბ ელექტრული კონდენსატორები, როდესაც ისინი მომსახურებიდან ამოიღება;
პქბ ჰიდრავლიკური სისტემები;
პქბ-ის შემცველი კონტეინერები;
პქბ-ის შენახვის ადგილები;
პქბ-ის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებები.
2.პქბ-ის სტანდარტული ფირფიტები ოთხკუთხედია და ზომები იწყება 2,5 სმ ინტერვალით, 5 x 5 სანტიმეტრიდან 15 x 15 სანტიმეტრამდე.