მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმარ თ ველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
2.თვითმმართველი ერთეული – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა (მთავრობა).
3.ადგილობრივი ორგანოები – ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. ადგილობრივ ორგანოებს აქვთ ერთიანი ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4.ადგილობრივი მმართველობა – ადგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და დაკისრებული მოვალეობა, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გადაწყვიტონ სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხები.
5.ექსკლუზიური უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს და რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად იყენებს სრულ ადმინისტრაციულ, მომსახურებით, საინვესტიციო და მარეგულირებელ უფლებამოსილებებს.
6.დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც გადაცემული აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და რომელიც ამ ორგანული კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
7.ნებაყოფლობითი უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც კანონის თანახმად არ არის ამოღებული მისი უფლებამოსილებიდან ან არ არის მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას.
8.ადმინისტრაციული უფლებამოსილება – ადგილობრივი სამსახურის შექმნის, შესაბამისი სტრუქტურისა და პერსონალის ხელმძღვანელობის (სტრუქტურების შექმნა, რეორგანიზაცია, გაერთიანება, თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა), აგრეთვე დაფინანსებისა და ხარჯების გაწევის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა ამ ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
9.მომსახურებითი უფლებამოსილება – ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შეფასების, სათანადო ზომების მიღებისა და ღონისძიებების განხორციელების, მომსახურების ობიექტების ფუნქციონირების, მომსახურების მიწოდებისა და უზრუნველყოფის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების, აგრეთვე დამატებითი მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.
10.საინვესტიციო უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საინვესტიციო პროგრამების განსაზღვრისა და დაფინანსების, საკუთარი მოძრავი და უძრავი ქონების აღდგენის ან შეძენის, შესაბამისი მატერიალური, შრომითი და ფინანსური საშუალებების მობილიზაციის, ინვესტიციებისა და განაწილების განხორციელების, აგრეთვე ადგილობრივ ბიუჯეტში სათანადო სუბსიდიების გათვალისწინების უფლებამოსილება.
11.მარეგულირებელი უფლებამოსილება – ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულო წესებისა და ინსტრუქციების დადგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიების, ნებართვების გაცემის და დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესების უფლებამოსილება.
12.მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებით შექმნილი ახალი თვითმმართველი ერთეული. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

