1.თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, დაინტერესებულ პირს კომისია უგზავნის წერილობით შეტყობინებას, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი ოდენობით, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი.
2.ამ წესის მე-4 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განაცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის მიწაზე საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების შესახებ. დაინტერესებულ პირს კომისია გადასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი.
3.თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
4.თუ ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული ან მათი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, კომისია, დამატებით წარდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ.
5.გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობები და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან.
6.(ამოღებულია - 31.12.2019,
№686).
6¹.თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამავე კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
7.კომისია გადაწყვეტილების მისაღებად ითვალისწინებს სააგენტოში არსებულ უახლეს ინფორმაციას მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება, უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. კომისია დადებით გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება, შესაბამის განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
8.კომისია ვალდებულია, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და გადაუგზავნოს მათ მიღებული გადაწყვეტილება (კომისიის განკარგულება).
9.კომისია ვალდებულია, აცნობოს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ დაწესებულებებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და გადაუგზავნოს მათ შესაბამისი გადაწყვეტილება (კომისიის განკარგულება).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის
დადგენილება №686 - ვებგვერდი, 31.12.2019წ.