Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

4 მუხლირედაქცია №5 ბოლო ცვლილება: 31 ოქტ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1.სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.

2.ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობებზე.

3.ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ სანებართვო დოკუმენტაციაზე, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის წარდგენილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.

4.ამ წესის მოქმედება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილში არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც  მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2019 წლის 3 ივნისამდე.

მუხლი 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

1.მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; ბ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა –  II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; გ) კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა –  II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; დ)  არსებობის შემთხვევაში − ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.

მუხლი 3. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები

1.2026 წლის 1 სექტემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს: ა) შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ვ) 7 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად; ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.

2.I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ტექნიკური ზედამხედველობა დაუკვეთოს პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.  თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში სამშენებლო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.

მუხლი 4. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის ექსპერტიზისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარების პროცედურა

1.ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების II სტადიაზე სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს ექსპერტის/ტექნიკური ზედამხედველის ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის  განხორციელებისათვის,  შესაბამისი პირი  ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს და წარუდგინოს მას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლები დასაწყისში