1.უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის მეორე სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის მესამე სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
3.უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
4.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, კომიტეტმა ან კომისიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 3 აპრილის კონსტიტუციური კანონი №09-ს – ვებგვერდი, 11.04.2025 წ.