საქართველოს მინისტრის ბრძანება

პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

9 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 11 ივლ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – დაწესებულება) შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომ – პაციენტი) დაზიანების აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების საკითხებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 2

1.თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის) შესახებ ეჭვს აღუძრავდა, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად.

2.სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, რაც უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით.

3.ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ვინაობის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, სამედიცინო შემოწმების მიზნისა და ხასიათის, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, შემოწმებისა და სავარაუდო დაზიანების შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგების თაობაზე, აგრეთვე, პაციენტს განუმარტოს დამოუკიდებელი (ალტერნატიული) სამედიცინო შემოწმებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის უფლება.

4.პაციენტის თანხმობის შემთხვევაში ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას. ექიმი ვალდებულია შემოწმების შედეგები დოკუმენტურად ასახოს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის ფორმის“ (შემდგომ – დაზიანების აღრიცხვის ფორმა) შესაბამისად.

5.თუ დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, პაციენტის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. ამ შემთხვევაში ექიმი ახდენს პაციენტის გარეგნულ დათვალიერებას, რის შესახებაც იგი ადგენს ცნობას და ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, პაციენტის გარეგნული დათვალიერების შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს.

6.სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ექიმი შესაბამის ჩანაწერს აკეთებს დაზიანების აღრიცხვის ფორმის საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო, ფსიქიატრიული მკურნალობის ან/და ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 3

1.სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურ გარემოში, როგორც წესი, ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის გარეშე.

2.შემოწმებაზე მესამე პირის დასწრება დაუშვებელია. თუ ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის დასწრებას, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით, მოსმენის გარეშე.

3.ექიმი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და სამედიცინო შემოწმებაზე დამსწრე დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მონაცემები მიუთითოს დაზიანების აღრიცხვის ფორმის შესაბამის გრაფასა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ცნობაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 4

1.დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით.

2.იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი აცხადებს, რომ აწამეს და ან მის მიმართ განხორციელდა სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუმცა არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება, ექიმი მაინც ახდენს სხეულის იმ ნაწილების ფოტოგადაღებას, რომლებზეც, პაციენტის მითითებით, მას დაზიანებები მიადგა.

3.ფოტოგრაფირების დროს გამოყენებული უნდა იყოს სახაზავი ან სხვა საშუალება, დაზიანების მასშტაბის განსაზღვრის მიზნით.

4.ფოტოსურათზე აღნიშნული უნდა იყოს ფოტოგრაფირების თარიღი და დრო, საათისა და წუთის მითითებით, ასევე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი და პაციენტის ინიციალები).

მუხლი 5

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის, შესახებ სავარაუდო კვალის უგულებელყოფა, არასათანადო აღწერა ან/და გაყალბება დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6

1.დაწესებულებაში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმს აღნიშნულის თაობაზე წარმოეშობა ეჭვი, იგი დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს საქართველოს პროკურატურას, შეტყობინების განხორციელების თაობაზე აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც.

2.პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული გარემოებები, ექიმი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის თაობაზეც აგრეთვე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმირების მიზნით ექიმი ტელეფონით დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების დირექტორსაც.

3.ექიმი ვალდებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. ჟურნალის შენახვა-გამოყენებაზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 7

ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმი უზრუნველყოფს შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმისა და ფოტოსურათების (ციფრული მატარებლით) ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 8

1.ამ წესის მიზნებისთვის ფოტოგრაფირება ხორციელდება სპეციალური ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი.

2.დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული მიზნისთვის იმგვარი ფოტოაპარატის გამოყენება, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია ან/და აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიით.

3.ფოტოაპარატი ინახება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელსაც გააჩნია საკეტი და უზრუნველყოფილია გარეშე პირთაგან ფოტოაპარატის სათანადო დაცვა.

4.ფოტოაპარატის გამოყენება დაუშვებელია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისა.

5.ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება, დალუქული უნდა იყოს სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე.

6.ფოტოაპარატს ლუქავს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო ლუქის მთლიანობას და შენახვა-გამოყენების წესების დაცვას პერიოდულად ამოწმებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

მუხლი 9

ფოტოაპარატისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ექიმზე გადაბარებისას მოწმდება ლუქის მთლიანობა და ივსება ფოტოაპარატისა და სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალის გადაბარების ჟურნალი (დანართი №3). ლუქის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში – დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ან საქართველოს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომელი, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.