1.სერტიფიკატი გაიცემა ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების საფუძველზე.
2.ვეტერინარული კონტროლის პროცედურები მოიცავს:
ა) საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას;
ბ) საქონლის ფიზიკურ შემოწმებას (ცხოველების შემთხვევაში, მათ კლინიკურ შემოწმებას);
გ) ეჭვის შემთხვევაში, ნიმუშების აღებას ანალიზისათვის (სერტიფიკატი გაიცემა ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში).
3.ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გარდა სანაშენე და საკლავი ცხოველებისა, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად. ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო ან შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა, რომლითაც დასტურდება ცხოველების კარანტინში განთავსების ფაქტი.
4.სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის − 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.
5.სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება ერთი დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება ვეტერინარი ექიმის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომ იმპორტიორი მხარის ვეტერინარული მოთხოვნები (დოკუმენტის დედნის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) შესრულებულია (ვაქცინაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა).
6.განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საკარანტინო ვადა შეიძლება, გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს. საკარანტინო ვადის ამოწურვისას, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება, თუ არ იქნება შეცვლილი სადგომის ადგილმდებარეობა, არ მოხდება ცხოველების გადაჯგუფება ან/და სხვა ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელსაც შეუძლია, განაპირობოს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზემოქმედება.
7.(ამოღებულია - 18.11
.2022, №529).
8.თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ მოთხოვნებს, სერტიფიკატი არ გაიცემა, რის თაობაზეც უფლებამოსილი პირი ატყობინებს განმცხადებელს.
9.სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი.
10.სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების საფუძველზე და საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების დალუქვის შემდეგ. არ ილუქება ისეთი ტვირთების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ლუქის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ტვირთთან შეხება ან ტვირთის ჩანაცვლება, ცოცხალი ცხოველების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები, ასევე მსუბუქი და სატვირთო-სამგზავრო ავტომობილები, ავტობუსი და სარკინიგზო ტრანსპორტი.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 13.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №529 – ვებგვერდი, 18.11.2022წ.