1.ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაინტერესებული პირების მიმართ გამოიყენოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდი ან მიწის რესურსი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ იანგარიშება:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება;
ბ) ავტოფარეხი;
გ) სარდაფი;
დ) სხვენის ფართობი;
ე) სხვა ფართები, გარდა საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსის მქონე ფართებისა.
4.არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პროექტის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის საკუთრებაში შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად, რაც დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. ამასთანავე, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება რეგისტრირებული საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსის მქონე ფართები, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფართის დანიშნულებას.
4¹.ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, სადაც შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების მომენტისათვის შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფართების კომერციული ან/და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტის დადგენა, აღნიშნული ფართების სტატუსი დგინდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით და შემდგომში იანგარიშება დაინტერესებული პირის საკუთრებად.
5.თუ ამ წესის ამოქმედებამდე დაინტერესებული პირის საკუთრებად აღრიცხულია მხოლოდ სარდაფის ან სხვენის ან სათავსის ფართობი, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის განმახორციელებელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით, უფლებამოსილია გამოისყიდოს ეს ფართი საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული ქონების ღირებულება უნდა განისაღვროს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შეფასების საფუძველზე, იმ დათქმით, რომ იგი მდებარეობს არაავარიულ შენობაში.
5¹.დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება დამოუკიდებელ ბინად/ერთეულად ან/და კომერციულ ფართად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად შექმნილი უძრავი ნივთი ან მისი ნაწილი, თუ იგი არ აკმაყოფილებს მე-9 მუხლის 2 1 პუნქტის მოთხოვნებს.
5².უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საფუძველზე ერთი პირის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ნივთები საანგარიშო ფართად განიხილება ერთობლიობაში, მიუხედავად საკადასტრო ერთეულების რაოდენობისა, თუ ინდივიდუალური საკადასტრო კოდი არ აკმაყოფილებს ამავე წესის მე-9 მუხლის 2 1 პუნქტის მოთხოვნებს.
5³.ამ წესის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საფუძველზე გადაცემული ფართების გასხვისებისას, თუ ეს ფართები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ აკმაყოფილებენ ამავე წესის მე-9 მუხლის 2 1 პუნქტის მოთხოვნებს, გადასაცემი ფართი დაინტერესებულ პირებს დაუანგარიშდებათ საერთო ფართად და გადაეცემათ თანასაკუთრებაში.
6.დაინტერესებული პირების საკუთრებაში იანგარიშება კომერციული ფართი, რომელიც ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ექვემდებარება ჩანაცვლებას.
7.უკვე დემონტირებულ ან/და დანგრეულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებული პირის საკუთრებად იანგარიშება ფართი, რომელიც ფიქსირდება ამონაწერში საჯარო რეესტრიიდან, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული ფართი, რომლის საცხოვრებლად ან კომერციული დანიშნულებით გამოყენება დადასტურებული იქნება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.
8.მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებია, ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე/მიმდებარე საკადასტრო ერთეულზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ჩართვა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში, თუ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განთავსებულია მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, შესაძლებელია ისე გაერთიანდეს სამშენებლოდ განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან, რომ დაცული იქნება მიწის ნაკვეთის მთლიანობა.
9.ამ წესის მიზნებისათვის, ავარიულ სახლად განიხილება და ჩანაცვლებას ექვემდებარება ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ის მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას (ან ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში გახდა V, IV ან III კატეგორიის ავარიულობის ხარისხის) და გამოიყენება საცხოვრებელი ან/და კომერციული დანიშნულებით, მათ შორის, ერთბინიანი სახლებიც. ამასთან, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროცესში ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩართვა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს საცხოვრებელი სახლის მდგრადობაზე და ქმნის საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხის ზრდის საფრთხეს, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
10.ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის ჩართვისას, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, ხოლო მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ეს ავარიული სახლი, უნდა გაერთიანდეს ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან.
11.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის მესაკუთრეს, დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა ფართი ამ წესის შესაბამისად.
12.ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავარიული მრავალბიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაიცვას არაიდენტიფიცირებადი სუბიექტის ინტერესები ახალ აშენებულ შენობაში შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის გზით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობა, როგორც პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარე, უფლებამოსილია არაიდენტიფიცირებადი სუბიექტის სასარგებლოდ განახორციელოს საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
13.გარდა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არარსებობისა, ამ წესის მიზნებისთვის, სუბიექტი არაიდენტიფიცირებადად მიიჩნევა, თუ მისი ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტი ვერ დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობისა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე შესაბამისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ შედგენლი კრების ოქმით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-77 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-30 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-79 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 იანვრის დადგენილება №36-4 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №39-35 - ვებგვერდი, 29.04.2024წ.