1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.
2.ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს გურიის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმისა და მესაქონლეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბება;
დ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს გურიის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა.