1.სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (შემდგომ – სამსახური) მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვება, რომ მან შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სამსახურისთვის წარდგენა.
2.სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.
3.განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში): ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი; გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი; დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ; ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ; ვ) განაცხადის შევსების თარიღი.
4.სამსახური ვალდებულია განაცხადის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სამსახური ვალდებულია მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური განაცხადის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. განაცხადის ავტორი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სამსახური ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.
5.სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისთვის საფასური არ გადაიხდევინება.
6.სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.