1.განხილვის კოლეგიის სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და თარჯიმნებს.
2.განხილვის კოლეგია დისციპლინურ საქმეს იხილავს მიუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვით.
3.განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე ხსნის სხდომას, აცხადებს განხილვის კოლეგიის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და თუ რომელი დისციპლინური საქმე იქნება განხილული.
4.სხდომის მდივანი მოახსენებს განხილვის კოლეგიას გამოცხადებულ პირთა ვინაობას, ასევე ინფორმაციას რომელიმე მხარის გამოუცხადებლობის და მისთვის შეტყობინების ჩაბარების თაობაზე.
5.კოლეგიის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს ეთიკის კომისიის რომელიმე წევრის ან მთელი კოლეგიის აცილების უფლებას, ასევე შუამდგომლობების და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის და ადვოკატის ყოლის უფლებას.
6.განხილვის კოლეგია მოისმენს განმცხადებლის ახსნა-განმარტებას და პასუხებს განხილვის კოლეგიის მიერ დასმულ შეკითხვებზე, მოისმენს ადვოკატის განმარტებას და პასუხებს კოლეგიის მიერ დასმულ შეკითხვებზე, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები.
7.მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ, განხილვის კოლეგია უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწოს სადავო ფაქტებთან დაკავშირებული მტკიცებულებები.
8.განხილვის კოლეგიას უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს და შეკითხვებით მიმართოს მოწმეებსა და ექსპერტებს საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ასევე მისცეს მხარეებს მათთვის შეკითხვების დასმის საშუალება.
9.თუ მხარის მიერ დასმული შეკითხვა შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევას, განხილვის კოლეგიას შეუძლია მოხსნას ის თავისი ინიციატივით ან მეორე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
10.განხილვის კოლეგიის სხდომის ბოლოს, მხარეებს უფლება აქვთ გამოვიდნენ შემაჯამებელი სიტყვით, ამასთან ბოლოს შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამს ადვოკატი, რის შემდეგაც კოლეგიის თავმჯდომარე სხდომას აცხადებს დახურულად.
11.განხილვის კოლეგიის გადაწყვეტილებას საჯაროდ აცხადებს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით კოლეგიის სხვა წევრი. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში (23.12.2018).