ადვოკატთა ასოციაციის აქტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

39 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 23 დეკ. 2023
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1. სახელწოდება

1.1. ასოციაციის სრული სახელწოდებაა: ქართულად - საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“; ინგლისურად - Legal Entity Under Public Law “Georgian Bar Association”.

1.2. ასოციაციის შემოკლებული სახელწოდებაა: სსიპ “საა”; LEPL “GBA”.

მუხლი 2. სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (შემდგომში “ასოციაცია”) წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის კორპორაციას და შექმნილია “ადვოკატთა შესახებ” და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.

მუხლი 3. ასოციაციის ადგილსამყოფელი

ასოციაციის ადგილსამყოფელია: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი, N1, დიღომი, თბილისი, საქართველო, 0159.

მუხლი 4. ხანგრძლივობა

ასოციაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. თავი II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობა

მუხლი 5. ასოციაციის მიზნები და ფუნქციები

ასოციაციის მიზნები და ფუნქციებია:

5.1. საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობა;

5.2. იურიდიული პროფესიის განვითარება;

5.3. ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვა;

5.4. საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა;

5.5. იურიდიული განათლების ხელშეწყობა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება;

5.6. უფასო იურიდიული სისტემის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა;

5.7. ადვოკატის პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

5.8. საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობის და რეპუტაციის ამაღლება;

5.9. ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობა.

მუხლი 6. ასოციაციის საქმიანობა

6.1. ასოციაცია თავისი მიზნების და ფუნქციების განსახორციელებლად ეწევა შემდეგ საქმიანობას: ა) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას; ბ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობას და განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას; ბ1) შეიმუშავებს და ორგანიზებას უწევს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიან პროგრამას (23.12.2018); გ) ორგანიზებას უწევს ადვოკატებისთვის სემინარებს, დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა პროექტების განხორციელებას; დ) გამოსცემს ასოციაციის პერიოდულ ჟურნალს; ე) მოიძიებს დაფინანსების წყაროებს; ვ) შეიმუშავებს საადვოკატო ეთიკის ნორმებს; ზ) მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში; თ) განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას; ი) ქმნის ადვოკატთა, ადვოკატის სტაჟიორთა და საადვოკატო ბიუროების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის განახლებას; კ) შეიმუშავებს ადვოკატთა წახალისებისა და დისციპლინური დევნის წესებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას; ლ) მიიღებს და გასცემს გრანტებს.

6.2. ასოციაცია ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მისი მიზნების და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ასოციაციის მიერ, განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უნდა ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ასოციაციის მიზნებს. თავი III. ასოციაციის წევრობა

მუხლი 7. ასოციაციის წევრი

7.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომლსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისგან, გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა ასოციაციას და დადო ფიცი (23.12.2018).

7.2. ადვოკატი არ შეიძლება გახდეს პირი, ხოლო მოქმედ ადვოკატს შეუწყდება ასოციაციის წევრობა, თუკი იგი ნასამართლევია განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (23.12.2018).

7.3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომლსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 8. ასოციაციის წევრად მიღება

8.1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირი განცხადებით მიმართვას ასოციაციას. აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

8.2. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირმა განცხადებასთან ერთად ასოციაციის აპარატს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ; გ) ადვოკატთა ან მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი); დ) პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ბიოგრაფია (CV); ვ) 4 ფოტოსურათი და 1 ფოტოსურათი CD დისკზე; ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; თ) საწევრო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (23.12.2018).

მუხლი 9. წევრის უფლებები და მოვალეობები

9.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს: ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის მართვის ორგანოებში, ასოციაციის ეთიკის და სარევიზიო კომისიებში; ბ) მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში; გ) მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში; დ) გაეცნოს აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო და ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ე) თავისი სურვილით გავიდეს ასოციაციიდან.

9.2. ასოციაციის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ასოციაციის წესდება; ბ) დაემორჩილოს ასოციაციის მიერ დამტკიცებულ ეთიკის ნორმებს; გ) ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; დ) დროულად და დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო გადასახადი; ე) ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის მისამართის და ამ მონაცემთა ცვლილებების თაობაზე, მისი წარმოშობიდან 10 დღის ვადაში (23.12.2018); ე1) ადვოკატთა ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ, მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას (23.12.2018); ვ) ადვოკატთა ასოციაციას მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან მათი ცვლილებები ადვოკატთა საერთო სიის ორგანიზების ინტერესებიდან გამომდინარე.

მუხლი 10. წევრობის შეჩერება და შეწყვეტა

ასოციაციის წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება კანონით და ასოციაციის მიერ დამტკიცებული დისციპლინური ნორმებით. თავი IV. ასოციაციის მართვა

მუხლი 11. ასოციაციის მართვის ორგანოები

ასოციაციის მართვის ორგანოა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (24.10.2015).

მუხლი 12. ასოციაციის საერთო კრების კომპეტენცია

12.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (შემდგომში - “საერთო კრება”).

12.2. საერთო კრება: ა) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის წესდებას (წესდების ახალ რედაქციას) და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები (14.11.2021); ბ) ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს (14.11.2021); გ) ფარული კენჭისყრით ირჩევს წინამდებარე წესდების 14.2. მუხლით დადგენილი წესით აღმასრულებელი საბჭოს, წინამდებარე წესდების 21-ე მუხლით დადგენილი წესით ეთიკის კომისიის და წინამდებარე წესდების 25.4 მუხლით დადგენილი წესით სარევიზიო კომისიის წევრებს; დ) ფარული კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს (14.11.2021); ე) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს და “ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულებას (14.11.2021); ვ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით აწესებს ფიქსირებულ საწევრო გადასახადის ოდენობას (14.11.2021); თ) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ასოციაციის სიმბოლიკას; ი) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ადვოკატის მანტიის ფორმას; კ) დამსწრეთა უმრავლესობით აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ადგენს ადვოკატის წახალისების ფორმებს და წესს; ლ) ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას, 15 წევრის შემადგენლობით. ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, არჩეულად ჩაითვლება ასოციაციაში უფრო ადრე გაწევრიანებული კანდიდატი (14.11.2021).

მუხლი 13. ასოციაციის საერთო კრების მოწვევა

13.1. საერთო კრება იმართება წელიწადში სულ მცირე ერთხელ და იგი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრი. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

13.2. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით წარმოდგენილ წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13.3. საერთო კრების მოწვევისა და კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია ასოციაციის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ პირს საბჭოს შემადგენლობიდან.

13.4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, სარევიზიო კომისიას, ეთიკის კომისიას ან ასოციაციის წევრების არანაკლებ 10 (ათი) პროცენტს.

13.5. ასოციაციის თავმჯდომარე უზრუნველყოფს წესდების 13.4. პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევას და შემოთავაზებული საკითხების შეტანას დღის წესრიგში. ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წესდების 13.4. მუხლში აღნიშნულ პირებს აქვთ უფლება თვითონ მოწვიონ საერთო კრება.

13.6. ასოციაციის თავმჯდომარე, უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და ასოციაციის წევრებისთვის გასაცნობად წარდგენას.

13.7. ასოციაციის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ ან კვირა დღეს.

13.7¹. პანდემიის ან სხვა განსაკუთრებული ვითარების არსებობისას, საერთო კრების გამართვა და კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება განხორციელდეს წევრთა დისტანციური დასწრებით (სპეციალური ვებ-პლატფორმის/ელექტრონული პორტალის მეშვეობით), გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრით მისაღები გადაწყვეტილებებისა. წევრთა დისტანციური დასწრებით საერთო კრების გამართვის წესი და პროცედურები განისაზღვრება საერთო კრების რეგლამენტით (14.11.2021).

13.8. ასოციაციის კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის წესრიგის ბეჭდვით ორგანოში ან/და ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 30 დღისა.

13.9. ამ წესდების 13.4 პუნქტში დასახელებულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ ცვლილებების და დამატებების შეტანა დღის წესრიგში კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. აღნიშნული წესით შესატანი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს 3 დღის ვადაში.

13.10. ასოციაციის საერთო კრების მსვლელობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

მუხლი 13¹. ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის

და სარევიზიო კომისიის წევრთა ნომინირების და არჩევის წესი 131.1. საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წარუდგინოს განაცხადება ასოციაციის აპარატს. განცხადება უნდა შეიცავდეს კანდიდატის სახელს და გვარს, ასოციაციის წევრის სიით ნომერს, ინფორმაციას საადვოკატო ბიუროში საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ადვოკატად მუშაობის სტაჟის და ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს (24.10.2015).

131.2. კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში.

131.3. ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და ამ წესდების მოთხოვნებს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უზრუნველყოფს მსურველის რეგისტრაციას კანდიდატად და შეაქვს საარჩევნო ბიულეტენში.

13¹.4. წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კანდიდატების ნომინირება დაუშვებელია. (14.11.2021) 131.5. პირს უფლება აქვს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში აღნიშნული კანდიდატის გასწვრივ კეთდება აღნიშვნა _ “კანდიდატურა მოხსნილია”, და ასეთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები არ დაითვლება.

მუხლი 14. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

14.1. ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11-ს 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.

14.2. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

14.3. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ.

14.4. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

14.5. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმის გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

14.6. აღმასრულებელი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ; ბ) აღმასრულებელი საბჭოს არანაკლებ სამი წევრის მიერ.

14.7. საბჭოს სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს ასოციაციის თავმჯდომარე.

14.8. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება გრძელდება ახალი წევრების არჩევამდე.

14.9. აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შეუთავსებელია საჯარო მოსამსახურედ ყოფნასთან და სხვა საჯარო ან პოლიტიკურ თანამდებობასთან.

14.10. ამოღებულია (24.10.2015).

14.11. ამოღებულია (24.10.2015).

14.12. სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღმასრულებელი საბჭოს წევრებს.

14.13. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომლის შედგენასაც უზრუნველყოფს თავმჯდომარე. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და პასუხისმგებელია მის სიზუსტეზე.

14.14. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს “აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების” სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

14.15. საბჭოს გადაწყვეტილებები აღირიცხება ჟურნალში გადაწყვეტილების ნომრის, სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის, გადაწყვეტილების მოკლე შინაარსის მითითებით და განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე.

14.16. ასოციაციის თავმჯდომარე უზრუნველყოფს აღრიცხვის ჟურნალის წარმობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ასოციაციის წევრთათვის.

მუხლი 15. აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილება

15.1. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ; გ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრობის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ; დ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ე) არსებული მონაცემების საფუძველზე, კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას. უზრუნველყოფს ადვოკატთა საერთო სიის გამოქვეყნებას ასოციაციის ვებ-გვერდზე ან/და წელიწადში ორჯერ ადვოკატთა ასოციაციის ყოველკვარტალურ ჟურნალში; ვ) ორგანიზებას უწევს ადვოკატის მიერ ფიცის დადებას; ზ) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის, ადვოკატის სტაჟიორის მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშებს (23.12.2018); თ) ორგანიზებას უწევს საადვოკატო ბიუროების რეესტრის წარმოებას; ი) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირადი საქმეების წარმოებას; კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს (23.12.2018); ლ) ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; მ) ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს (დებულებას) (23.12.2018); ნ) ორგანიზებას უწევს ასოციაციის წევრთა სავალდებულო განგრძობად იურიდიულ განათლებას, განსაზღვრავს ადვოკატთა სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს, ახდენს განგრძობადი იურიდიული განათლების კურსების სხვა პროვაიდერების აკრედიტაციას (23.12.2018); ნ1) ამტკიცებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამასა და მისი შესრულების წესს და ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას (23.12.2018); ო) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის წესდების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; პ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ჟ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს “ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; რ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატის ჩაცმულობის, მანტიის ფორმას და სხვა განმასხვავებელ ნიშნებს; ს) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის სიმბოლიკას; ტ) ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სავალდებულო პროფესიული ადაპტაციის პროგრამის საფასურის ოდენობას, რომელიც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და სავალდებულო პროფესიული ადაპტაციის პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელ ხარჯებთან (23.12.2018); უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ფ) ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ადგენს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი მდივნის და სხვა დაქირავებულ პირთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობას (23.12.2018); ქ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და თავის წევრთაგან განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების კურატორთა ვინაობას; ღ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; ყ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი (მედიატორი) (23.12.2018); შ) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; ჩ) იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის, სესხის აღების, გაცემის და სხვა ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ასოციაციის წლიური ბიუჯეტის 10%-ს; ც) ორგანიზებას უწევს ადვოკატების წახალისების ღონისძიებებს წარმატებული საქმიანობის ან ასოციაციის განვითარებისთვის შეტანილი წვლილის გამო; ძ) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას ასოციაციის წევრებისთვის; წ) ქმნის მუდმივმოქმედ კომიტეტებს და დროებით კომისიებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის წესს (დებულებას); ჭ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეგიონული წარმომადგენლობების შექმნისა მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე; ხ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ჯ) წელიწადში ერთხელ, საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; ჰ) კანონის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს (23.12.2018).

15.2. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ახორციელებს ყველა სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ასოციაციის წესდებით არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას.

მუხლი 15¹. განგრძობადი იურდიული განათლება

151.1. განგრძობადი იურიდიული განათლება – წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარების კურსს, რომელიც სავალდებულოა ადვოკატთა კორპუსის წევრთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

151.2. განგრძობადი იურდიული განათლების მიღების მიზნით ასოციაციის წევრი ადვოკატი ვალდებულია მოისმინოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სემინარის კურსი, რომლის შინაარსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

151.3. განგრძობადი იურდიული განათლების პროგრამის ამოქმედების ვადა, განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

მუხლი 16. ასოციაციის აპარატი და აღმასრულებელი მდივანი

16.1. ასოციაციის მართვის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ასოციაციის აპარატის დახმარებით.

16.2. ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს ადვოკატთა ასოციაციის აპარატს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე (23.12.2018).

16.3. ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (23.12.2018).

16.4. ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა (23.12.2018).

16.5. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება ამ წესდებითა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით (23.12.2018).

16.6. ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ანაზღაურებას იღებს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (23.12.2018).

16.7. ასოციაციის აპარატის თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს მიერ (23.12.2018).

16.8. კონკურსის წესით შერჩეულ ასოციაციის აპარატის თანამშრომლებთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ასოციაციის სახელით ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე (23.12.2018).

16.9. ასოციაციის აპარატის საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი და ორგანიზაციული სტრუქტურა მტკიცდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ (23.12.2018).

მუხლი 16¹. ასოციაციის კომიტეტები და კომისიები

161.1. ასოციაციაში იქმნება მუდმივმოქმედი კომიტეტები სამართლის დარგების მიხედვით, სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მიზნით და დროებითი კომისიები იურიდიულ პროფესიაში არსებული პრობლემატური საკითხების ირგვლივ.

161.2. მუდმივმოქმედი კომიტეტები და დროებითი კომისიები იქმნება აღმასრულებელ საბჭოს გადაწყვეტილებით, თავად აღმასრულებელი საბჭოს ან ადვოკატთა არანაკლებ 30 წევრიანი ჯგუფის ინიციატივით.

161.3. მუდმივმოქმედი კომიტეტების და დროებითი კომისიების საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.

მუხლი 17. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

17.1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან, კანონითა და წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე (14.11.2021).

17.2. უკეთესი შედეგის მქონე თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში იმართება კენჭისყრის მეორე ტური. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას (14.11.2021).

17.3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

17.4. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა.

17.5. ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ასოციაციის მიერ საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების სწორად განხორციელებაზე.

17.6. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ადვოკატთა უფლებების დაცვით ღონისძიებებს.

მუხლი 18. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად; ბ) წარმოადგენს ასოციაციას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში; გ) მართავს და განკარგავს ასოციაციის ქონებას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე; დ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს; ე) უძღვება ასოციაციის საერთო კრებას; ვ) აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით და საშტატო განრიგის შესაბამისად სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ასოციაციის აპარატის თანამშრომლებს და სხვა დაქირავებულ პირებს; ზ) კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას; თ) ასოციაციის სახელით დებს გარიგებებს; ი) ადგენს და აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ბიუჯეტის პროექტს; კ) უზრუნველყოფს ასოციაციის ბეჭდის და სხვა რეკვიზიტების დამზადებას; ლ) ასრულებს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 19. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა

19.1. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე.

19.2. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის, ზედიზედ 3 თვის ან წელიწადში 6 თვის ვადით თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეული პირი თავისი შემადგენლობიდან.

19.3. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის, ზედიზედ 3 თვის ან წელიწადში 6 თვის ვადით თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფაქტს ადასტურებს და ცნობად იღებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო თავის გადაწყვეტილებით.

19.4. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის, ზედიზედ 3 თვის ან წელიწადში 6 თვის ვადით თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭო უზრუნველყოფს რიგგარეშე კრების მოწვევას ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად.

მუხლი 20. კონფიდენციალურობა

აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, როგორც თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ასევე თანამდებობის დატოვების შემდგომ არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. თავი V. ასოციაციის ეთიკის კომისია

მუხლი 21. ეთიკის კომისიის შექმნა

21.1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით.

21.2. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.3. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.4. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

21.5. ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს არა ადვოკატთა რიგებიდან.

21.6. ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალქე არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.

21.7. საერთო კრებაზე ეთიკის კომისიის 3 არა ადვოკატი წევრი კანდიდატების ნომინირება და არჩევა ხდება ეთიკის კომისიის სხვა ადვოკატი წევრებისაგან დამოუკიდებლად, ცალკე საარჩევნო სიის საფუძველზე. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.71. ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს (23.12.2018).

21.72. სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში (23.12.2018).

21.73. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს (23.12.2018).

21.8. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. ეთიკის კომისია ხელმძღვანელობს “ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით.

21.9. ეთიკის კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ (23.12.2018).

21.10. ეთიკის კომისია თავის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ (23.12.2018).

21.11. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

21.12. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

21.13. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

21.14. ეთიკის კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეული იქნას ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომელიც ახორციელებს სხვა საქმიანობას, გარდა საადვოკატო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

21.15. ამოღებულია (24.10.2015).

21.16. ეთიკის კომისიის წევრებს არ ენიშნებათ ხელფასი ან სხვა კომპენსაცია.

21.17. ეთიკის კომისიის წარდგინებით ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს ეთიკის კომისიის აპარატს, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების საკითხს.

21.18. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, ახალი წევრის არჩევა ხდება რიგგარეშე ან მორიგი საერთო კრების მიერ იმ ვადით, რა ვადაც ჰქონდა დარჩენილი კომისიიდან გასულ წევრს (23.12.2018).

21.19. ეთიკის კომისია იკრიბება არჩევიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

21.20. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება საერთო კრების მიერ არჩევიდან და წყდება “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.21. ეთიკის კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები.

მუხლი 22. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

22.1. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს ასოციაციის წევრი, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ (23.12.2018).

22.2. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, უზრუნველყოფს წევრებისთვის განსახილველი მასალის წინასწარ მიწოდებას, ანაწილებს შემოსულ საჩივრებს.

მუხლი 23. ეთიკის კომისიის სხდომა

23.1. ეთიკის კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხვა წევრის მიერ.

23.2. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

23.3 ეთიკის კომისიის სხდომების დროს დგება ოქმი, საოქმო ჩანაწერს ასრულებს წევრთაგან არჩეული სხდომის მდივანი.

23.4. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

23.5. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მიიღება “გადაწყვეტილების” სახით.

23.6. განსხვავებული მოსაზრება ყოველთვის თან ერთვის “გადაწყვეტილებას”.

მუხლი 24. დისციპლინური წარმოება

24.1. საჩივრების განხილვის წესი და პროცედურა რეგულირდება “ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით.

24.2. ასოციაციის წევრის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ განცხადებას მიიღებს და განსახილველად გაანაწილებს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

24.3. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი (23.12.2018).

24.4. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხი ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილება კოლეგიურად, კომისიის 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხებს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით და აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში, იგი დაერთვის გადაწყვეტილებას (23.12.2018).

24.5. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით. თავი VI. სარევიზიო კომისია

მუხლი 25. სარევიზიო კომისიის შექმნა

25.1. სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების კანონის, ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე.

25.2. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, არჩეული 5 წევრისგან.

25.3. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევიდან და წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრის არჩევისთანავე. სარევიზიო კომისიის ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა მოხდება რიგით ან რიგგარეშე საერთო კრებაზე იმ ვადით, რა ვადაც დარჩენილი ჰქონდა წევრს, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

25.4. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

25.5. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს თავად კომისია, 4 წლის ვადით.

25.6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

25.7. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

25.8. სარევიზიო კომისია თავის დადგენილებებს წარუდგენს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და თავმჯდომარეს.

25.9. სარევიზიო კომისია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსგან, თავმჯდომარისგან, ბუღალტერისგან ან აუდიტორისგან ნებისმიერი ფინანსური ან სხვაგვარი ინფორმაცია, რომლის შესწავლასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

25.10. სარევიზიო კომისია განიხილავს და დადგენილების ფორმით გამოიტანს დასკვნას ასოციაციის თავმჯდომარის და აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თაობაზე.

მუხლი 26. (ამოღებულია)

მუხლის ტექსტი არ არის.

მუხლი 27. სარევიზიო კომისიის მუშაობა

27.1. სარევიზიო კომისია იკრიბება მიზანშეწონილობისამებრ, მინიმუმ სამ თვეში ერთხელ.

27.2. სარევიზიო კომისიის სხდომა გადაწყვეტილებაუნარია თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

27.3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს კომისიის სხდომა, თუკი მას თხოვნით მიმართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ან თავმჯდომარე.

27.4. სარევიზიო კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

27.5. კომისიის ყოველი წევრი უფლებამოსილია კრებამდე ხუთი სამუშაო დღით ადრე დღის წესრიგში შეიტანოს დამატებითი საკითხები.

27.6. კომისიის ყოველ სხდომაზე აირჩევა სხდომის მდივანი, რომელიც ადგენს და ყველა დამსწრესთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს.

27.7. იმ შემთხვევაში, თუ შესასწავლი საკითხი საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი ან ექსპერტი. აღმასრულებელი საბჭო ვალდებულია დროულად დაფაროს სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები ასოციაციის სახსრებიდან.

27.8. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება გამოდის „დადგენილების“ ფორმით.

27.9. სარევიზიო კომისია დასკვნას ასოციაციის თავმჯდომარეს და აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გამოიტანს „დადგენილების“ სახით.

27.10. სარევიზიო კომისიის „დადგენილება“ განსახილველად გადაეცემა აღმასრულებელ საბჭოს ან ასოციაციის საერთო კრებას.

27.11. გამოვლენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია ზომების დაუყოვნებლივ მიღება, ხოლო თუ აღმასრულებელი საბჭო ვერ ან არ ასრულებს აღნიშნულ დადგენილებებს, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე საერთო კრება ან აღნიშნული საკითხი შეიტანოს მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში. თავი VII. ასოციაციის ქონება

მუხლი 28. ასოციაციის შემოსავლის წყაროები

28.1. ასოციაციის შემოსავლების წყაროებია: ა) საწევრო შენატანები; ბ) შემოწირულობები; გ) გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; დ) ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სავალდებულო პროფესიული ადაპტაციის პროგრამის საფასური; ე) სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; ვ) სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; ზ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

28.2. ასოციაციის ქონება გამოიყენება მხოლოდ ასოციაციის მიზნების მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად.

28.3. ასოციაციის შემოსავლები არ შეიძლება განაწილდეს მის წევრებს შორის.

28.4. ასოციაციის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ყოველწლიურად შედგება ანგარიში შესაბამისი ფორმით და წარედგინება საერთო კრებას.

მუხლი 29. საწევრო შენატანი

29.1. ასოციაციის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანი.

29.2. საწევრო შენატანი გადაიხდება ფულადი სახით.

29.3. ყოველი მომდევნო წლის საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. ასოციაციაში პირველად გაწევრიანებული პირი იხდის გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადს შემდეგი განრიგით: 1 მაისამდე გაწევრიანებული პირი იხდის – 150 (ასორმოცდაათ) ლარს, 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე 100 (ას) ლარს, 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 50 (ორმოცდაათ) ლარს, ხოლო მომდევნო წლის საწევრო შენატანს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.

29.4. საწევრო შენატანი გადაიხდება 200 ლარის ოდენობით. საწევრო შენატანიდან არანაკლებ 5% შემოწირულობის სახით გადაირიცხება ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდში (08.12.2012) (23.12.2018).

29.5. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ასოციაციის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი საშეღავათო საწევროს გადახდის ვალდებულება.

29.6. საწევრო შენატანის ძირითადი ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით. თავი VIII. საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება

მუხლი 30. ასოციაციის ბიუჯეტი

30.1. ასოციაციას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელსაც ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

30.2. მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.

30.3. ბიუჯეტის პროექტის შედგენას ორგანიზებას უწევს ასოციაციის თავმჯდომარე და წარუდგენს მას აღმასრულებელ საბჭოს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. აღმასრულებელ საბჭო განიხილავს ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.

30.4. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია ბიუჯეტის პროექტი თავისი შენიშვნებით დაუბრუნოს თავმჯდომარეს. ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარე ვალდებულია ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების გათვალისწინებით ხელახლა წარუდგინოს აღმასრულებელ საბჭოს არაუგვიანეს 30 ნოემბრის.

30.5. ასოციაციის ბიუჯეტის შესადგენად თავმჯდომარემ შეიძლება მოიწვიოს სპეციალისტი.

30.6. ასოციაციის ბიუჯეტში ხარჯების სახით გათვალისწინებული უნდა იყოს ასოციაციის თავმჯდომარის, ასოციაციის აპარატის, დამხმარე პერსონალის ხელფასები, ოფისის ქირა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

მუხლი 31. საბუღალტრო აღრიცხვა

31.1. ასოციაცია ვალდებულია აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით.

31.2. საბუღალტრო აღრიცხვის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ასოციაციის თავმჯდომარე.

მუხლი 32. ადვოკატის პროფესიული წახალისების ფორმები (12.10.2014)

32.1. ადვოკატის პროფესიული წახალისების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს - “ილია ჭავჭავაძის” პირველი და მეორე ხარისხის ორდენი; ადვოკატის პროფესიული წახალისების ფორმას წარმოადგენს - “ლუარსაბ ანდრონიკაშვილის” ორდენი; ადვოკატის პროფესიული წახალისების ფორმას წარმოადგენს - “ადვოკატის ღირსების” ორდენი.

32.2. ადვოკატის პროფესიული ორდენის მინიჭება ხდება ადვოკატთა საერთო კრებაზე, დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.

32.3 ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული წახალისების ფორმის მინიჭების წესს განსაზღვრავს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. თავი IX. ასოციაციის გაუქმება და რეორგანიზაცია

მუხლი 33. გაუქმების საფუძვლები

ასოციაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების გზით.

მუხლი 34. ლიკვიდაცია

34.1. ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საერთო კრება.

34.2. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ლიკვიდატორი შეიძლება დანიშნული იქნას იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ასოციაციას გააჩნია ადგილსამყოფელი.

34.3. ლიკვიდაციის შესახებ ლიკვიდატორი აკეთებს განცხადებას პრესაში და მოიწვევს ყველა კრედიტორს მოთხოვნების წარმოსადგენად და დაუწესებს მათ ვადას. ცნობილ კრედიტორებს იგი პირადად ატყობინებს წერილობით.

34.4. ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ასოციაციის ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის დროს: ა) უნდა დაამთავროს ასოციაციის სახელით დადებული ყველა გარიგება; ბ) მოახდინოს ქონების ინვენტარიზაცია და შეაფასოს იგი; გ) მოახდინოს ქონების რეალიზაცია; დ) რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით დაფაროს კრედიტორთა მოთხოვნები; ე) განახორციელოს ლიკვიდაციისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებები.

მუხლი 35. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება

35.1. დაუშვებელია ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება ასოციაციის წევრებს შორის.

35.2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა ანალოგიური მიზნების მქონე სხვა არაკომერციულ იურიდიულ პირს ან განაწილდება რამდენიმე მსგავს იურიდიულ პირს შორის. თავი X. გარდამავალი დებულებები

მუხლი 36. გარდამავალი დებულებები

36.1. ასოციაციის შექმნისას საწევრო შენატანების გადახდა ხდება სადამფუძნებლო კრების ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში.

36.2. წესდების პრეამბულა წარმოადგენს მის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, მისი შესრულება სავალდებულოა ასოციაციის არსებობის განმავლობაში. ასოციაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება, დადგენილება ან დოკუმენტი, რომელიც არღვევს პრეამბულით გათვალისწინებულ დებულებებს, თუკი აღნიშნული არ გამომდინარეობს დისციპლინური წარმოების წესებიდან ჩაითვლება წესდების საწინააღმდეგოდ და შესაძლებელია შეცილებული იყოს ამ საფუძვლით.

36.3. წესდების 131.1, 131.3 და 131.4 პუნქტების დებულებები და მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საერთო კრებაზე, რომელზედაც იქნა დამტკიცებული წესდების წინამდებარე რედაქცია.