1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
4.საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცება.
5.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.
6.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.
7.2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
8.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.
9.საგადასახადო და საბაჟო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.
10.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე.
11.საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“ და „შემოსავლების სამსახური“ ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2 866 – სსმ I, № 14 , 30.03.10 წ., მუხ. 89