1.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული სასჯელის შესაბამისი ვადა. დაუშვებელია გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება.
2.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
3.სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

