1.ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
2.(ამოღებულია - 16.04.2014, №2241) .
3.საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.
3¹.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური.
3².თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3³.ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3⁴.ამ მუხლის 3 3 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
3⁵.ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებულის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) ქალი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) ქალი მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.
3⁶.ქალ მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის 3 3 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
4.თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, არაჯეროვნად ასრულებს მათ, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შემდგომი რეაგირებისათვის.
5.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
6.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.
7.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.
8.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსის 17 3 მუხლით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.
9.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.
10.ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
11.ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
12.ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5255 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
თავი XIII. პატიმრობის აღსრულების წესი