საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.
2. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ან/და მოთხოვნების დარღვევისათვის სესხის გამცემ სუბიექტს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელზე; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის საწარმოს პარტნიორზე/აქციონერზე ან/და თანამშრომელზე გაცემაზე.
5. სესხის გამცემი სუბიექტი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.
6. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
7. სესხის გამცემ სუბიექტთან მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
8. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებსა და საგადასახადო სამსახურ ებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ