1.დასაბეგრ პირს წარმოეშობა დღგ-ის თანხის დაბრუნების უფლება, თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დღგ-ის დასარიცხ თანხას აღემატება.
2.გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
4.ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება ამ კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.
5.უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვს, დაიბრუნოს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება: ა) საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე; ბ) თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).
7.დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

