1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა.
2.ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია.
3.ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან/და კონტროლს დაქვემდებარებული ოპერაციის შესრულების ვადით.
4.შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟის ჩატარებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.






