საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 70^1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგება
1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.
2. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც არის საბოლოო მშობელი ან სუროგატი მშობელი დაწესებულება, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ საანგარიშო წლის ბოლომდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი არის ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც: ა.ა) შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით; ა.ბ) არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს; ბ) გამონაკლისი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი − ჯგუფის ნებისმიერ ფისკალურ წელთან დაკავშირებით, ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი 750 მლნ ევროზე ნაკლებია იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს საანგარიშსწორებო ფისკალურ წელს, როგორც ეს ასახულია მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ამ წინა ფინანსური წლისთვის; გ) საბოლოო მშობელი საწარმო მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: გ.ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საკმარისი რაოდენობის წილებს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ერთ ან ერთზე მეტ შემადგენელ საწარმოში, რომ მას ევალება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება იმ ქვეყანაში/იურისდიქციაში ზოგადად მოქმედი საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად, რომლის საგადასახადო რეზიდენტსაც წარმოადგენს, ან ვალდებული იქნებოდა მოემზადებინა იგი თავისი წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; გ.ბ) არ არსებობს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის სხვა შემადგენელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილებს აღნიშნულ შემადგენელ საწარმოში; დ) სუროგატი მშობელი დაწესებულება − მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, დანიშნულ იქნა ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის მიერ ქვეყნების მიხედვით ანგარიშის წარდგენისთვის საბოლოო მშობელი დაწესებულების ერთადერთ შემცვლელად, როდესაც დაკმაყოფილებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული პირობები; ე) შემადგენელ საწარმოდ განიხილება: ე.ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც შეყვანილია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში ფინანსური ანგარიშგების მიზნისთვის ან შეყვანილი იქნებოდა მასში მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ასეთი ეკონომიკური ერთეულის წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; ე.ბ) ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც არ არის შეტანილი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში მხოლოდ ზომის ან არსებითობის საფუძველზე; ე.გ) „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეულის ნებისმიერი მუდმივი დაწესებულება იმ პირობით, რომ ეკონომიკური ერთეული ამზადებს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს ასეთი მუდმივი დაწესებულებისთვის ფინანსური/საგადასახადო ანგარიშგების და შიდა მენეჯერული კონტროლის მიზნებისთვის.
