Статья 28. (ამოღებულია)
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. თავი VI სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი მუხლი 29. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები 1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით ქონების სააგენტოს მიმართავს და მოძრავ ქონებას გადასცემს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 31 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება: ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად; ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია და რომელიც სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განადგურდეს. სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ნადგურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
