1.სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.
2.სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება.
3.ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა.
4.ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნაცვალგების პირობები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.
5.ინდივიდუალური შეთანხმება დადებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისთვის და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ მინიმალურ გარანტიებს, თუმცა არ გამოირიცხება უფრო მაღალი სტანდარტების დაწესება.
6.ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან მისი დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით , ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5080 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
