საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 171. დაკავების საფუძველი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.
2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ: ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით; გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; ე) პირი შესაძლოა მიიმალოს; ვ) პირი ძებნილია; ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი .
