1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სასამართლოს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
3.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით.
4.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულის მოსაზრებებს მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით გაეცნოს როგორც სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულის პირადად გამოცხადებით, ისე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საშუალებით.
5.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის მოსაზრებები მის მიმართ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით პირადად მოისმინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მსჯავრდებული მოითხოვს აღნიშნული პროცედურის განხორციელებას.
6.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, გარდა ამ თავით გათვალისწინებული საკითხებისა, ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის; ბ) არსებობს თუ არა ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები; გ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შემთხვევაში დაირღვევა თუ არა ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრის დადების აკრძალვის პრინციპი; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, ანდა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.
7.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს განაჩენში ან გამომდინარეობს მისგან.
8.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან არა უგვიანეს 4 თვისა.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით და გასაჩივრდება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი განაჩენი.
10.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
11.შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების ასლი.
12.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, გარდა ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება როგორც უცხო სახელმწიფოს, ისე საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი.
14.იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული პატიმრობაში იმყოფებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდგომ იგი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოეცა საქართველოს, დაუშვებელია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან მისი მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც მოხდა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი საქართველოსთვის გადმოცემა.
15.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის საქართველოსთვის გადმოცემა, ამაზე თანახმაა; ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით გადმოცემულმა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ.
16.ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან თანხმობის გამოთხოვა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს მსჯავრდებულის წერილობითი მოსაზრება და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.






