1.ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ამ მუხლისა და ამ კანონის 75 3 და 75 4 მუხლების შესაბამისად აქვს იგივე იურიდიული ძალა და მათზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რომელიც/რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტისთვის.
2.ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება ეროვნულ საპატენტო განაცხადს შესაბამის შემთხვევაში ევროპული საპატენტო განაცხადისთვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად.
3.საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთვის ევროპული პატენტის მიღების მსურველმა განმცხადებელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
4.ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ვალიდირებული ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან ვალიდირებული ევროპული პატენტით წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტით.
5.ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, და ვალიდირებული ევროპული პატენტი ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი.
6.ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ.
7.თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან გამოხმობილად ითვლება, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
8.თუ ევროპული პატენტი ევროპის საპატენტო ოფისმა (EPO) ბათილად ცნო მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალიზებულად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან თუ დაცვის ფარგლები შევიწროვდა ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) დაცვის ფარგლების შევიწროებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
9.თუ ერთი და იმავე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი და ერთი და იმავე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს ძალა არა აქვს, თუ ის ეხება იმავე გამოგონებას, რომელსაც ეხება ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ევროპული პატენტის გასაჩივრების პერიოდი ისე, რომ არ იქნა წარდგენილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც მის გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.



