1.ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება.
2.საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე.
3.ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4.ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება.
5.ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი.
6.ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
7.თუ ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) მესამე პირის საჩივრის წარდგენის ან ევროპული პატენტის შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების შესახებ ან მისი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს შეცვლილი ან შეზღუდული ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
8.თუ გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ თარგმანს.
9.საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ამოწმებს ვალიდირებული ევროპული პატენტის გამოგონების ფორმულის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თარგმანის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობას და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვს პატენტის მფლობელს შესწორებული თარგმანის პატენტრწმუნებულის მეშვეობით წარდგენას.
10.თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი.
11.თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური, ევროპული პატენტი თავიდანვე (Ab Initio) ბათილად იქნება მიჩნეული. აღნიშნული თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებისთვის დადგენილ საფასურზე გადაიხდება 100-პროცენტიანი დანამატი.
12.ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნებისთვის წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.
13.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
14.ევროპულ საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურა. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.


