1.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე - 6 მუხლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება დასაშვებია შემდეგი საშუალებებით, მეთოდითა და წესით: ა) ღია ტენდერი; ბ) დახურული ტენდერი; გ) ფასთა კოტირების მეთოდი; დ) ერთ პირთან მოლაპარაკება; ე) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი.
2.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის თანახმად; ა) ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარს; ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 25000 ლარს და ნაკლებია 70000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 120000 ლარს და ნაკლებია 230000 ლარზე.
3.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასთა კოტირება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გამარტივებული მეთოდი დასაშვებია საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე.
4.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 50000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება; დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის (ტექნოლოგიის ან მოწყობილობის), სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.
5.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ღია ან დახურული ტენდერი შეიძლება ჩატარდეს ორ ეტაპად.
6.ორეტაპიანი ტენდერი ტარდება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს არსებითი მახასიათებლების დაზუსტების მიზნით.
7.დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
8.ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება ამ დებულების 21-ე მუხლით.




