Статья 4. განსახორციელებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები
1. ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა ფორს - მაჟორული სიტუაციებით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების, მეთოდის და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე (შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე), მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესყიდვის პროცესებში მონაწილეობის მსურველი და მონაწილე პირებისათვის (სანამ არ დადგება ამ ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდო ღირებულების წინასწარი გამჟღავნება აუცილებელია შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე.
