Статья 27. სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია
1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, კერძოდ: ა) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს; ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე; გ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე; დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ე) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; ვ) თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
