ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
Статья 13. მომხმარებელთა უფლებების დაცვა
1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.
2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო.
3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
