საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს: ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად; ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
