1.გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.
2.კომერციული აქტი დგება იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება: ა) გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ მონაცემებთან ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის სახელწოდების, მასის ან სატვირთო ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა; ბ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის დაზიანება ან/და გაფუჭება; გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს გადაზიდვის დოკუმენტები ან/და იმ გადაზიდვის დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი; დ) დატაცებული ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის რკინიგზისათვის დაბრუნება; ე) ტვირთის გაცემის შესახებ სატვირთო სალაროში დოკუმენტების გაფორმების შემდეგ 24 საათის განმავლობაში მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის მიერ ტვირთის მიუწოდებლობა. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.
3.კომერციული აქტი დგება: ა) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადმოტვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებზე – გადმოტვირთვის დღეს ან „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღეს; ბ) ტვირთის გადმოტვირთვისას არასაერთო სარგებლობის ადგილებზე – ტვირთის გადმოტვირთვის დღეს; ამასთან, ტვირთის შემოწმება უნდა მოხდეს ტვირთის გადმოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ; გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის მსვლელობის გზაზე – იმ გარემოებათა გამოვლენის დღეს, რომლებიც კომერციული აქტით გაფორმებას ექვემდებარება.
